მარინა დარახველიძე: ამ ეტაპზე სამინისტრო არ მუშაობს რეგულაციაზე, რომლითაც ექიმებს ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობა აეკრძალებათ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარინა დარახველიძე აკაკი ზოიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უნდა აიკრძალოს პრაქტიკა, როდესაც ექიმები ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში იმუშავებენ.
თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ისეთ კონკრეტულ რეგულაციაზე ან შეზღუდვაზე არ მუშაობს, რომლითაც ექიმებს ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობა აეკრძალებათ.
”თუკი ასეთი წინადადება საკანონმდებლო ორგანოდან ან სამედიცინო სერვისის მომწოდებლებისაგან შემოვა, ჩვენ პირველ ეტაპზე მის მიზანშეწონილობას განვიხილავთ, ზიანისა და სარგებლის წონასწორობას და გადაწყვეტილებას ალბათ ამის მიხედვით მივიღებთ.
ამ საკითხებს არეგულირებს ”შრომის კოდექსი”, განსაკუთრებული პირობები ჩვენ ამ კუთხით არ დაგვიწესებია. ერთადერთი, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, რომელიც მინისტრის ნორმატიული აქტითაა დარეგულირებული, იქ ხაზგასმულია, რომ განყოფილების, დეპარტამენტის უფროსი სასურველია იყოს ადგილობრივი კადრი, რადგან იგი არის პასუხისმგებელი, როგორც არა ერთი ექიმი, არამედ მთელი ერთეულის ხელმძღვანელი. სხვა რეგულაცია დაწესებული არ არის და სამინისტრო ამ მიმართულებით არ მუშაობს”, – განაცხადა მარინა დარახველიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზეგანაცხადა, რომ უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როცა ერთი ექიმი რამდენიმე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს.
”ექიმი ექვს დაწესებულებაში ერთად მუშაობს. ხშირ შემთხვევაში, ერთიდან მეორეში რომ გადადის და სხვადასხვა დაწესებულებაში დღეში 30 ოპერაციას აკეთებს, სამედიცინო შეცდომა მოსდის, რასაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის არცთუ სასურველი შედეგები მოჰყვება. ასეთი პრაქტიკა უნდა აღვკვეთოთ. ამას ემსახურება დაგეგმილი რეფორმები, რომელზეც სამინისტრო მუშაობს. ჩვენ ვაპირებთ ამ წლის ბოლომდე სამინისტროსთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვიმუშაოთ”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები