მარიამ ჯაში კონსტანტინე აფხაზის სახელობის სამხედრო დარბაზის გახსნას დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონსტანტინე აფხაზის სახელობის სამხედრო დარბაზის გახსნას დაესწრო.

კონსტანტინე აფხაზის სახელობის სამხედრო დარბაზი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, 2017 წლის 26 ივნისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიხსნა. მის გახსნას, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ესწრებოდა.

ახლადგახსნილ დარბაზში სტუმრები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ისტორიულ მასალებს, წიგნებს, გაზეთებსა და ჟურნალებს გაეცნენ. დაათვალიერეს ის ფოტოები და დოკუმენტები, რომლებიც 1918-1921 წლებში, მაღალი რანგის სამხედრო პირების გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებს ასახავს.

„დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიხსნა კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო დარბაზი. ეს გახლავთ გადაჭარბების გარეშე ეროვნული საქმე. კოტე აფხაზი იყო საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი და რუსეთის ანექსიის წინააღმდეგ მებრძოლი გენერალი ამასთანავე იყო საქართველოს საუნივერსიტეტო ისტორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

კოტე აფხაზი იყო პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმის მაგალითი. სამწუხაროდ, ჩვენ სათანადოდ ვერ ვასწავლით ახალ თაობებს საქართველოს გმირების ისტორიებს და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროს და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას დღევანდელი დღისათვის. კოტე აფხაზის სამხედრო დარბაზის გახსნა უდიდესი ეროვნული საქმეა.

მე მიხარია, რომ დღეიდან, მოსწავლეებს, ახალგაზრდებს და ნებისმიერი თაობის ადამიანს შეეძლება ესტუმროს ეროვნულ ბიბლიოთეკას და უფრო ახლოს გაეცნოს ჩვენი ეროვნული გმირის, კოტე აფხაზის მოღვაწეობას.

ასევე მინდა თხოვნით მივმართო მშობლებს და პედაგოგებს, უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენ შვილებს და მოსწავლეებს ჩვენი ეროვნული გმირების ისტორიები. უფრო ხშირად ვიაროთ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მუზეუმებში, სადაც ჩვენი ისტორიის და კულტურის უდიდესი საუნჯე ინახება”,- განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები