სოფიო შამანიდმა აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბების გამოფენა დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის “აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბები” დასკვნით გამოფენას დაესწრო.
პანკისისა და ზემო აჭარის ფოტო კლუბები ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივითა და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით დაარსდა.
კლუბების წევრები რამდენიმე თვის მანძილზე სწავლობდნენ ფოტოგრაფიას, კამერასთან მუშაობას, გადაღებას, თეორიულ თუ ტექნიკურ დეტალებს. ამ ხნის მანძილზე მათ ობიექტივში მოექცა მთელი ზემო აჭარა და პანკისის ხეობა – ადამიანები და წეს-ჩვეულებები, ბუნება, გარემო და უამრავი საინტერესო კადრი ყოველდღიური ცხოვრებიდან.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი იდეაა, რომ კლუბებმა მომავალში შეძლონ დამოუკიდებლად არსებობა და მუშაობა; რომ კლუბების ახლანდელმა წევრებმა ფოტოგადაღება ასწავლონ მომავალ წევრებს და ეს იყოს ადგილი, სადაც ყველას შეეძლება მისვლა.
“პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით პანკისში უკვე მესამე წელია ხორციელდება მრავალი პროექტი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული იყო ფოტოსკოლა. პანკისში გადაღებული ფოტოების უკვე მესამე გამოფენა გვაქვს.
ეს სკოლა წარმატებული დიდწილად იმიტომაც არის, რომ მას სათავეში უდგას ისეთი ცნობილი ფოტოგრაფი როგორიცაა ნათელა გრიგალაშვილი და ეს მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდას, სკოლის მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ასეთ პროფესიონალთან. ჩვენ წელს პანკისთან ერთად მოვიცავით ზემო აჭარის რეგიონიც”, – განაცხადა სოფიო შამანიდმა.
სოფიო შამანიდის თქმით, აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბები ქმნიან განსხვავებულ, საინტერესო და შემოქმედებით გარემოს, და რაც მთავარია, აერთიანებენ პანკისელ და აჭარელ ახალგაზრდებს.
გამოფენა დღეს “ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს” საგამოფენო სივრცეში გაიმართა.