დიმიტრი ქუმსიშვილი: ხელფასები და გადასახადები იმაზე ადრე შევამცირეთ, ვიდრე ვინმე გვეტყოდა

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო სექტორში ხელფასების კლებაზე, ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ 2016 წელს, როდესაც 2017 წლის ბიუჯეტი გამოვიტანეთ განსახილველად. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ხელფასებს შევამცირებდით და ასეც მოვიქეცით. დღეს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარით ნაკლები გვაქვს გაცემული ამ მიმართულებით,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„როდესაც ჩვენ გადასახადების შემცირებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. 2017 წლიდან შევცვალეთ მოგების გადასახადის მოდელი, შედეგად, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში 370 მლნ ლარი დავუტოვეთ კერძო სექტორს. ეს ის ფულია, რომელიც კერძო სექტორს სჭირდებოდა და სჭირდებოდა იმისათვის, რომ მათ აღნიშნული ფულით მოეხდინათ გარკვეული „ბუფერების“ შექმნა, ნაწილობრივ სესხის გასტუმრება, რეინვესტირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ 2016 წელს ამ ინიციატივას ვაანალიზებდით,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის  შეკითხვას გადასახადების შემცირების თაობაზე. „როდესაც თქვენ ბრძანებთ, რომ უნდა შევამციროთ გადასახადები, ჯამში ესაა 500 მილიონი, რომელიც ჩვენ ბიუჯეტს უნდა დავაკლოთ. თქვენ ვერ მოახდენთ საბიუჯეტო ხარჯის შემცირებას ისე, რომ მნიშვნელოვნად არაფერი გააფუჭოთ ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვამბობთ ხელფასების შემცირებაზე, ჩვენ ეს მანამდე გავაკეთეთ, ვიდრე ვინმე ამის თაობაზე გვეტყოდა. იგივე შემიძლია გითხრათ გადასახადების შემცირებასა და ძირითად ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებაზე. ამაზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ყველაფერი მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში წერია“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები