წითელაშვილი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს
სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ შუამავალი ორგანიზაციების მეშვეობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ვერ მოგვარდება.
ტრისტან წითელაშვილი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.
ექსპერტი თვლის, რომ 4 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის შედეგის მომტანი ვერ იქნება.
„ჩემი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ აღნიშნული სამიტი მორიგი იმედგაცრუება იქნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით რაიმე შედეგს არ მოიტანს. ამის ფიქრის საფუძველს მაძლევს ის გასული სამიტები ის რეზოლუციები, რომლებიც მხოლოდ სიტყვები იყო და საქმედ არ ქცეულა. თუ ისინი თავის თავზე ღებულობენ პასუხისმგებლობას და შუამავლის როლს, მათ აქტიურად უნდა იმოქმედონ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით არა რეზოლუციებით, არამედ საქმით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ გვჭირდება არანაირი შუამავალი არც რუსეთთან, არც აფხაზეთთან და არც სამაჩაბლოსთან მიმართებაში. საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირი დიალოგით უნდა ესაუბროს იმ მხარეს, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიები, ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებას დღეს ამ მხრივ არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს“, – განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.