დიმიტრი ქუმსიშვილი: სესხების ლარიზაცია ფიზიკურ პირებში 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა

ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმამდე უნდა შეამციროს თითოეული ჩვენი მოქალაქის დამოკიდებულება საგარეო ეკონომიკურ შოკებზე, უნდა გაზარდოს მათი დანაზოგები და ქვეყნის განვითარებას შეუწყოს ხელი, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

„ბოლო დღეებში, ერთ-ერთი მთავარი თემაა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარებაა. ლარის კურსი უცხოური ვალუტების მიმართ და მისი მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს. მაწუხებს, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, მაწუხებს, როგორც საქართველოს მთავრობის წევრს, რადგან ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, სწორედ ამიტომ,  ეს პასუხისმგებლობა მავალდებულებს ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ ასეთი მდგომარეობა – სავალუტო ბაზარზე კურსის თუნდაც მოკლევადიანი რყევების გამო, ბევრისთვის განკარგვადი შემოსავლის ხელშესახები შემცირება, გაგრძელდება მანამდე, ვიდრე მაღალია დოლარიზაციის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე. სწორედ ესაა ამ პრობლემის მთავარი საფუძველი,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად ლარიზაციის სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც მიზნად ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს, რათა მოიხსნას აღნიშნული პრობლემა და შოკის მიმართ გამძლეობა გაიზარდოს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ლარიზაციის სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება ლარიზაციის მაჩვენებელს გაზრდის.

დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წელს დოლარიზაციის მაჩვენებლებს შემცირების სტატისტიკა მოიყვანა, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაცია წლის დასაწყისიდან 6 პროცენტული პუნქტით – 35%-მდე  გაიზარდა, ხოლო სესხების ლარიზაცია  8,4 პროცენტული პუნქტით – 35 %-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფიზიკური პირების შემთხვევაში. სესხების ლარიზაცია ფიზიკურ პირებში 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შეადგინა  54%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები