საქსტატი: 4 წლის განმავლობაში ეკონომიკურად აქტიურ ქალთა რიცხოვნობა 3%-ით შემცირდა

ბოლო 4 წლის განმავლობაში, 2016 წელს 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკურად აქტიურ ქალთა რიცხოვნობა 3%-ით შემცირდა, ხოლო კაცთა რიცხოვნობა თითქმის უცვლელი დარჩა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებული ქალების და კაცების რიცხოვნობა, ამავე პერიოდში, თითქმის თანაბრად 2%-ით გაიზარდა. 2016 წელს, დასაქმებულთა 47%-ს ქალები, ხოლო 53%-ს კაცები შეადგენდნენ. ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობად მიიჩნევა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც აქვს დასაქმების სურვილი და მზაობა.
საქსტატის ინფორმაციით, ქალებში აქტიურობის ყველაზე მაღალი დონე 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნება (81%). დასაქმების დონე ყველაზე მაღალია (73%) იმავე ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო ყველაზე დაბალი -15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში (18%). რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს 15-24 წლის ასაკის ქალებში (29%).
2016 წლის მაჩვენებლებით, კაცების აქტიურობის დონე მაღალია (94%) 25-34 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო დასაქმების დონე – 35-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში (80%). ისევე როგორც ქალებში, ასევე 15-24 წლის კაცებშიც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია (31%), ამ ასაკში თითქმის ყოველი მესამე კაცი უმუშევარია.
დასაქმებული მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი საშუალო ზოგადი განათლების მქონეა. 2016 წელს დასაქმებულ ქალთა 38%-ს, ხოლო კაცთა 44%-ს საშუალო ზოგადი განათლება ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები