II საარტილერიო ბრიგადა 9 წლისაა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 9 წელი შეუსრულდა. ბრიგადის დაბადების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალი ხონში, II საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
დღესვე ხონში ბრიგადის ხელმძღვანელობის საზეიმო გადაბარების ცერემონიალიც გაიმართა. II საარტილერიო ბრიგადის საბრძოლო დროშა ბრიგადის ახალმა ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ კვინიკაძემ, ყოფილი ხელმძღვანელისგან, პოლკოვნიკ კახა ტაბატაძისგან მიიღო.
ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოებით გაგრძელდა. II საარტილერიო ბრიგადის იუბილეზე სამხედრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
II საარტილერიო ბრიგადა 2008 წლის 1 ნოემბერს, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, I საარტილერიო ჯგუფის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ბრიგადის დისლოკაციის ადგილად ქალაქი ხონი განისაზღვრა. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო სწავლებასა და ავღანეთში, ISAF-ის მისიაში.