“თუ ეროვნული ბანკის და მთავრობის კოორდინაცია იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მძიმე პრობლემებს არ უნდა ველოდოთ”

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკონომისტმა ნოდარ ებანოიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ვალუტის და სამომხმარებლო ფასებზე ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მონაცემებიდან გამომდინარე, დოლარის კურსის მომატების საფუძველი არ იყო, თუმცა ის, რომ არჩევნები ჩატარდა, ამის არგუმენტად არ გამოდგება.
„მონაცემებიდან, სტატისტიკიდან გამომდინარე, თითქოს არ იყო საფუძველი ასეთი მაღალი ნახტომისა, დოლარის კურსი 2,62 მაღალია. სწორედ აქ უნდა იყოს კვალიფიციური განმარტებები, ვისაც ამაზე ხელი მიუწვდება. ის არგუმენტი, რომ არჩევნები იყო, არ გამოდგება, რადგან არამგონია ისეთი მნიშვნელოვანი თანხის ოდენობა გამოეყენებინათ, რომელიც ამხელა გავლენას მოახდენდა ლარის კურსის პროცესზე“,-აღნიშნა ეკონომისტმა.
ნოდარ ებანოიძემ სარეზერვო თანხებზეც ისაუბრა და სამომხმარებლო ფასის მატებასაც გამოეხმაურა.
მისივე თქმით, გონივრული მოქმედებაა საჭირო, რომ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვამ ბოლო კვარტალზე დაწოლა არ მოახდინოს.
„ჩვენ გვაქვს რეზერვი სამი მილიარდი, თუმცა ვერავინ ვერ უკარნახებს ეროვნულ ბანკს, როდის რა უნდა გააკეთოს. ფაქტია, რომ ახლაც 400-450 მილიონი ჩამორჩენა ხარჯების კუთხით და ეს ხარჯები გასაწევია. საბიუჯეტო სახსრების ხარჯვამ არ უნდა გააკეთოს განსაკუთრებული დაწოლა ბოლო კვარტალზე.
თუ არის საშუალება, რომ რომელიმე ხარჯები არ გაიწიოს ახლა და ნაკლები თანხები შევიდეს ამ მიმართულებით, ამას გონივრული მოქმედება სჭირდება. თუ ეროვნული ბანკის და მთავრობის კოორდინაცია იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მძიმე პრობლემებს არ უნდა ველოდოთ. არის რაღაც პროგრამები, რომელიც შეიძლება ბიუჯეტში შეკვეცილი იყოს და ამით ავიცილოთ რისკები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა შემდგომი ბიუჯეტი სხვანაირი რეკონსტრუქციის იყოს“,-განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკონომისტმა ნოდარ ებანოიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები