ექსპერტის თქმით, საქართველოს დაწინაურება მსოფლიო ბანკის ანგარიშში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა

ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის შეფასებით, მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ “Doing Business 2018”-ის ანგარიშში საქართველოს 9 პოზიციით დაწინაურება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
ამის შესახებ ექსპერტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთვის დღეს არსებული ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეიტინგული კომპანიების დადებითი შეფასებები და პოზიციონირების გაუმჯობესება ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალი. “doing busness” ისევე, როგორც სხვა რეიტინგები, ერთი მხრივ, ზრდის საქართველოს ცნობადობას უცხოელ ინვესტორებში და დონორ ორგანიზაციებში, მაგალითად, ისეთში, როგორიც არის მსოფლიო ბანკი”, – აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს, მსოფლიო ბანკის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, არცერთ კომპონენტში არ აქვს გაუარესება.
“მე მინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც გამოიკვეთა მსოფლიო ბანკის 2018 წლის ბიზნესის ამ ბოლო ანგარიშში. პირველი არის ის, რომ ჩვენ პრაქტიკულად არცერთ კომპონენტში არ გვაქვს გაუარესება. ათი კომპონენტიდან 6-ში გვაქვს გაუმჯობესება და 4-ში ვინარჩუნებთ იმ პოზიციას რა პოზიციაც გვქონდა. ეს აქამდე არ მომხდარა, ჩვენ ყოველთვის გვქონდა სუსტი წერტილები და ასევე, გვქონდა მიმართულებები, რომელშიც მოწინავე პოზიციაზე ვიყავით, წელს დაფიქსირდა, რომ არცერთ კომპონენტში გაუარესება არ გვაქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბიზნესის დაწყების კომპონენტში მე-4 ადგილზე ვართ. ინვესტორებისთვის და, ასევე, მცირე ბიზნესისთვის ყოველთვის პრობლემა იყო ელექტროენერგიაზე მიერთების საკითხი. ამ კომპონენტში გარკვეული პროცესების გამარტივებისა და ტარიფების გაიაფებით ჩვენ 2018 წლის “doing busness”-ის რეიტინგში 30-ე ადგილი დავიკავეთ, როცა 2017 წლის რეიტინგში 39-ე პოზიციაზე ვიყავით”, – განაცხადა ექსპერტმა.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ პოზიცია გაგვიუმჯობესდა არა იმიტომ, რომ ვიღაცას გაუუარესდა, არამედ იმიტომ, რომ მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა გაატარა კონკრეტული ღონისძიებები.
“საბოლოო ჯამში, ის კურსი, რაც არჩეულია ბიზნესის განვითარებისთვის, გაუმჯობესებულია. ჩვენ პოზიციები გაგვიუმჯობესდა არა იმიტომ, რომ ვიღაცას გაუუარესდა, არამედ იმიტომ რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა გაატარა კონკრეტული ღონისძიებები, რამაც გააუმჯობესა ბიზნესგარემო. პრაქტიკულად წინა პერიოდებთან შედარებით, დღეს ხელისუფლებამ დაიწყო წარსულში არსებული გარკვეული პრობლემური უბნების იდენტიფიცირება და კონკრეტული ღონისძიებების გატარება, როგორ გააძლიეროს საქართველოს მსოფლიო რეიტინგებში პოზიციონირება“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები