დავით საგანელიძემ გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობა მიიღო

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
გლობსეკის მიერ ორგანიზებული „ტატრას სამიტის“ ფარგლებში, დავით საგანელიძე სხვადასხვა სესიას დაესწრო, მათ შორის, ევროპის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის გაზრდის, ევროკავშირის ენერგეტიკის ბაზრის, ევროპაში სიღარიბესთან, დანაშაულთან, ტერორიზმთან და სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გამართულ სესიებში მიიღო მონაწილეობა.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბრატისლავაში ბიზნეს წრეებსა და მსხვილი ევროპული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, საქართველო მრავალჯერ ახსენეს, როგორც სანდო პარტნიორი.
„ტატრას სამიტის“ ერთერთი მასპინძელი და მომხსენებლი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი იყო, რომელმაც გასულ კვირაში ტალინში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესფორუმზე აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც მას საუკეთესო ურთიერთობები და მიმდინარე პროექტები აკავშირებს.
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმის, „ტატრას სამიტი 2017“-ის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებმა ისეთი გლობალური თემები განიხილეს, როგორებიცაა ევროპის კეთილდღეობა, ციფრული ბაზარი, ინოვაციური ენერგია, ინვესტიციები, ევროპის კონკურენტუნარიანობის დაბრუნების პერსპექტივები და ა.შ.
გლობსეკის მიერ ორგანიზებული „ტატრას სამიტი“ არის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ევროპის ყველაზე მწვავე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებს მოიცავს. კონფერენციის მიზანია, მიმდინარე კრიზისებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვა და ევროპის მომავლის ფორმირებაში წვლილის შეტანა. სამიტზე სხვადასხვა ქვეყნისა და ევროკავშირის ლიდერები, ასევე, ევროპის გავლენიანი ორგანიზაციების წამყვანი ექსპერტები შეხედულებების გასაცვლელად და დებატებში მონაწილეობის მისაღებად 2013 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს იკრიბებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები