მეიდანზე ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, 28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ძველი თბილისის უბანში, მეიდანზე ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიხსნება, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია. მარკეტის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლები დაესწრებიან.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – სუვენირები, სამოსი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და სხვა. ამასთანავე, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით, მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.
ღონისძიება, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდება, თანამედროვე თემატიკით განხორციელდება, სადღესასწაულო ფორმატში, მუსიკალური გაფორმებით, სასიამოვნო დიზაინით, განათებით და ბავშვებისთვის დამატებითი შემოქმედებითი გასართობი სივრცეებით.
ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში” საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ წინა ღონისძიებამ, რომელიც სექტემბრის თვის ბოლოს ჩატარდა, საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და შესაბამისად, მეწარმეების მხრიდან ინტერესიც საკმაოდ გაიზარდა. სწორედ ამ მიზნით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში” პერმანენტულად აპირებს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას, რომ ხელი შეუწყოს ქართველი დამწყები მეწარმეების პროდუქციის რეალიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები