ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი დასრულდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ზვიად შანავა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრნენ.
მსმენელებს კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატები, ფინელ და ნორვეგიელ ინსტრუქტორებს კი, მადლობის სიგელები გადაეცათ.
ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი ფინელი და ნორვეგიელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართველმა, მოლდოველმა და აზერბაიჯანელმა კურსანტებმა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობებით ნატოს ლოგისტიკის კონცეფცია და ფუნქციები, ოპერაციების ლოგისტიკური მხარდაჭერის თავისებურებები, მრავალეროვნული ლოგისტიკა და მისი კოორდინაცია შეისწავლეს.
კურსი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მეორედ ჩატარდა. სწავლება ჩრდილოეთის ქვეყნების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის (DEFCO) ეგიდით, ნორვეგიის სამეფოსა და ფინეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორების მხარდაჭერით გაიმართა. კურსი მიზნად ნატოს ლოგისტიკის თანამედროვე პროგრამების გაცნობას და მისი შემდგომი გამოყენების შესაძლებლობებს ისახავდა.