ანი მიროტაძე: ალეკო ელისაშვილის მეორე ადგილზე გასვლით, მე გავიგე რა უნდა ამომრჩეველს

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი მიროტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა.
მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ალეკო ელისაშვილის მეორე ადგილზე გასვლით გამოკვეთა ამომრჩევლის სურვილი, რომ მას ცვლილებები სურს.
„მე მგონია, რომ ეს არის ბოლო არჩევნები, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოიგო, შემდეგი არჩევნები მათთვის რთული იქნება. თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ამომრჩევლის ინტერესი ნაკლებია, ამიტომ აქტივობაც არ არის მაღალი. ეს იყო პირდაპირპროპორციული იმ თანხებთან, რაც ამ არჩევნებში დაიხარჯა, არ ვგულისხმობ ამომრჩევლის მოსყიდვას, არამედ რაც კანონის ფარგლებში იყო ხელმისაწვდომი. ეს მახინჯი პრაქტიკა “ნაციონალური მოძრაობის” დროსაც არსებობდა, “ქართულმა ოცნება” კი მოარგო თავის ინტერესებს. არჩევნებზე მისული ამომრჩევლის უმრავლესობა წარმოადგენდა პარტიების მიერ მობილიზებულ ხალხს, ამას დამატებული ადმინისტრაციული რესურსი.
რა უნდა ამომრჩეველს მე გავიგე ალეკო ელისაშვილის მეორე ადგილზე გასვლით, ანუ მათ სურთ ცვლილება. უპარტიო ურესურსო ალეკომ საკმაოდ სერიოზული კონკურენცია გაუწია მმართველ გუნდს“, – აღნიშნა ანი მიროტაძემ.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა მერიაში განსახორციელებელ ცვლილებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარია აქცენტი პროფესიონალიზმზე უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კახა კალაძე პოლიტიკურ წონას დაკარგავს.
„ზუსტად ისეთივე საკრებულოს ველოდები, როგორიც არის საქართველოს პარლამენტი, ანუ გააქვთ ის კანონი რაც მათ უნდათ.
მერიაში კი აუცილებლად უნდა განახორციელოს საკადრო ცვლილებები. მთავარი აქცენტი უნდა გააკეთოს პროფესიონალიზმზე, თუ ასეთი ადამიანები ჩაიბარებენ თანამდებობებს კალაძეს გაუადვილდება იმ გამოწვევების მოგვარება რაც არის ქალაქში. სხვა შემთხვევაში დაკარგავს იმ პოლიტიკურ წონას რაც აქვს. ის, რომ ქალაქში ქაოტური მშენებლობა მიდის და გადატვირთულია ქალაქი სწორედ დაგეგმვისა და თანმიმდევრულობის წყალობით შესაბამისი შედეგი იქნება“, – განაცხადა ანი მიროტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები