თამაზ მეჭიაურმა მცხეთის სასამართლოში სარჩელი შეიტანა – იგი საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა მცხეთის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
თამაზ მეჭიაური სარჩელში საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას და პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის მიკუთვნებული 5 ხმის გაბათილებას ითხოვს.
„მახარე სისაური არის მნიშვნელოვანი ფიგურა. ის დაესწრო ხმების დათვლის პროცესს და შემდგომ დალუქვას, რომელიც მერე გახსნეს. სისაური და კიდევ რამდენიმე პირი ადასტურებს ფაქტს, რომ ბათილ ბიულეტინებში იყო 5-6 ბიულეტინი, რომელიც ბათილი იყო იმის გამო, რომ არცერთი კანდიდატი არ იყო შემოხაზული. მერე, საოლქო კომისიაში როცა უკვე გახსნეს ყუთი აღმოჩნდა რომ ასეთი ბიულეტინი არცერთი არ იყო“ – აცხადებს თამაზ მეჭიაური.
მცხეთის სასამართლოში თამაზ მეჭიაურის სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღნიშნულ უბნის შედეგების სრულად გაბათილებას ითხოვს.
უნდა აღინიშნოს, რომ მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლები არიან და თიანეთში თვითმმართველობის არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ.
მას შემდეგ რაც მათ თამაზ მეჭიაურის პარტიის შტაბი დატოვეს ჟინვალის ტერიტორიაზე უცნობმა პირებმა მანქანის გაჩერება მოსთხოვეს.
თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, სწორედ იმ უბანზე ესწრებოდა ხმის დათვლის პროცესს, სადაც მისივე თქმით, ბიულეტენები გაყალბდა.
შს სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები