დავით ნარმანია: უფრო მეტს ვფიქრობდი რა შედეგებს დავდებდი, ვიდრე პიარზე

თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ ახლადარჩეულ მერს კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ის გუნდში რჩება. მან ასევე გაიხსენა ის მხარდაჭერა, რაც მისი გამარჯვების დროს, კახა კალაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა. ამის შესახებ ნარმანიამ “იმედის კვირასთან” პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, ამ სამი წლის განმავლობაში საკუთარი თავის პიარზე ნაკლებად მუშაობდა.
“იმას უფრო მეტს ვფიქრობდი რა შედეგებს დავდებდი და რას გავაკეთებდი, ვიდრე ამ ყველაფრის წარმოჩენაზე”, -განაცხადა თბილისის მოქმედმა მერმა.
“მე და ჩემმა გუნდმა საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ თბილისში იმისათვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. დღეს ქალაქი, რომელსაც ვაბარებ კახი კალაძის არის გაცილებით უფრო წინ წასული, ვიდრე თავის დროზე მე გადმოვიბარე. კარგად მახსოვს მთელი თვეების განმავლობაში საბოტაჟი, მახსოვს როცა მერიაში მოვედით ბიუჯეტი 30 მილიონით იყო გარღვეული. ამ ყველაფერს დასჭირდა აღდგენა, დაბალანსება. 1 წელი არ იყო გასული, როცა მოხდა 13 ივნისის სტიქია, რითიც ძლიერი დარტყმა მიიღო ქალაქმა. 1 წლის შემდეგ დავიწყეთ ქალაქის შენება და ის პროექტები, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ, რეალურად, არის ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთებული”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
პროექტებში დავით ნარმანიამ თბილისის 143 ახალი ლურჯი ავტობუსი, აღმაშენებლის განახლებული გამზირი, განახლებული ღვინის აღმართი და პეკინის რეაბილიტირებული ქუჩა დაასახელა, ასევე მისი თქმით, ამ სამ წელიწადში გაიხსნა 12 ახლადაშენებული საბავშვო ბაღი, ასევე, 9 ახალი ჯანდაცვითი და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ნარმანიას თქმით, მისმა გუნდმა შექმნა. ნარმანიამ საამაყო პროექტებს შორის 700 000-ზე მეტი დარგული ხეც დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები