„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ : საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები, სამაგიდო სიებიდან მოსულ ამომრჩეველს რიგითი ნომრებით აღრიცხავენ

0

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, თითქმის ყველა იმ უბანზე, სადაც მათი სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, კომისიის რეგისტრატორ წევრებს თავზე ადგანან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები, რომლებიც სამაგიდო სიებიდან მოსულ ამომრჩეველს რიგითი ნომრებით აღრიცხავენ.
„ამ მხრივ ძირითადად აქტიურობენ „ქართული ოცნებისა” და „მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლები. სამაგიდო სიიდან ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლის რიგითი ნომრის ამოწერით სუბიექტის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, კედლის სიაში მისი შედარებით მიიღონ პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი იმ პირის, რომელმაც მისცა ხმა. აღნიშნულმა ფაქტმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. ამასთანავე, შესაძლებელია, ეს ქმედება გამოყენებული იქნას ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნებისთვის“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დამკვირვებელმა მიაწოდა N3 საარჩევნო ოლქის, საბურთალოს 21-ე უბნის კომისიის თავმჯდომარესთან, ქეთევან კოპაძესთან გასაუბრების ამსახველი აუდიოჩანაწერი, სადაც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაუკავშირდა „ქართულ ოცნებას“, კერძოდ, ლ. ჯაფარიძეს, რომელმაც უთხრა, რომ რიგითი ნომრების ჩაწერა პრობლემა არ არის, მთავარია, რომ პირადი ნომერი არ ჩაინიშნონ.
„შეუძლებელია, გაკონტროლდეს, კონკრეტული პირი იწერს მხოლოდ ამომრჩევლის სიით ნომერს, თუ მასთან ერთად, პირად ნომერსაც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ამ ქმედებებში პრობლემას ვერ ხედავენ, ჩვენი აზრით, სწორ განმარტებას არ წარმოადგენს. ამ ტიპის დარღვევებზე ჩვენ მიერ ყველა უბანზე დაიწერება შესაბამისი საჩივარი. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. ასევე, ამ საქმით უნდა დაინტერესდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ასევე, დაფიქსირდა მუქარა მის დამკვირვებელზე. კერძოდ, სამგორის N6 საარჩევნო ოლქის 64-ე უბნის გარეთ, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დამკვირვებელს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. რაც შეეხება სხვა დარღვევებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, სამგორის N6 საარჩევნო ოლქის 85-ე და 43-ე უბანზე გარკვეული დროის განმავლობაში, კომისიის წევრები უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს.
„დიდუბის N8 საარჩევნო ოლქის 1-ელ უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო ფუნქციათა გადასანაწილებელ კენჭისყრაში, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ მაინც მისცა მას საშუალება, სასურველი ფუნქცია შეესრულებინა. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი; კრწანისის N4 საარჩევნო ოლქის 24-ე უბანზე საკონტროლო ფურცელზე ხელი მოაწერა პირველმა ამომრჩეველმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს პირი არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი; გლდანის N10 საარჩევნო ოლქის 10-ე უბანზე კომისიამ ხმის მიცემის უფლება მისცა ერთ-ერთ ამომრჩეველს, რომელსაც თითზე მარკირება აღენიშნებოდა. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი