ბრიტანეთის ყოფილი ელჩი: ვხედავდით ახალგაზრდა პრეზიდენტს და მინისტრების ნიჭიერ გუნდს, თუმცა შემდეგ ვიხილეთ თვალთმაქცობა, კორუფცია და კრიმინალი

„ბრიტანეთის ელჩები საქართველოს შესახებ – “მეოთხედი საუკუნე” – ამ სახელწოდებით დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 22:30 საათზე გავა ფილმი, რომელიც ბრიტანეთ-საქართველოს მეგობრობასა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.
გადაცემის ანონსის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ელჩები საქართველოს წარსულს აფასებენ და ქვეყნის დღევანდელობაზე საუბრობენ.
„ზედაპირულად, ჩვენ ვხედავდით ახალგაზრდა პრეზიდენტს და მინისტრების ნიჭიერ გუნდს, თუმცა,სამწუხაროდ,ვიხილეთ თვალთმაქცობა, კორუფცია, კრიმინალი – ეს იყო დიდი იმედგაცრუება საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. ყველაფერი ქვემოთ წავიდა, ეს არ უნდა განმეორდეს“, – აცხადებს დონალდ მაკლარენი, საქართველოში მისი ელჩობის პერიოდში არსებული მდგომარეობის შეფასებისას.
დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი კი აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითოა, როგორც დემოკრატიის ხარისხით, ისე საზოგადოებაში დემოკრატიული ინტერესების როლით და მნიშვნელობით.
„საშუალება მქონდა, დამკვირვებლის როლში მენახა, როგორ გამართულად და ეფექტურად მუშაობს საარჩევნო სისტემა, საქართველო არის რეგიონში სამაგალითო“, – დასძენს ბრიტანელი დიპლომატი.
პროექტის ავტორია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი. ფილმის მომზადებაში მონაწილეობდა, ასევე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა.
დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროექტი ასახავს იმ მიმართულებებს, რომლებიც ეხება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ კავშირებს, ხალხთა შორის ურთიერთობებსა და განათლების გზით დაახლოებული ორი ქვეყნის კულტურას.
„ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ადამიანთა ჩართულობას ეხება, რომელთაც უშუალოდ მიუძღვით წვლილი ბრიტანეთ-საქართველოს ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაში.
დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს გამორჩეულად აქტიური და ქმედითი მხარდამჭერი და ამას მოწმობს ქვეყნებს შორის ძალიან ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, საპარლამენტო კავშირები და საქართველოს განვითარების გზაზე გაწეული მრავალმხრივი დახმარება, რომლის მონაწილეც თავად ვიყავი 11 წლის მანძილზე.
ფილმში გადმოცემულია ბრიტანეთის ელჩების თვალით დანახული საქართველოს უახლესი ისტორია, ქვეყნის გარდამტეხი ეპიზოდები, პოლიტიკური თუ სოციალური ეტაპები დამოუკიდებლობიდან დღემდე და მათი ემოციები საქართველოს მიმართ.
პროექტში ასახულია„უორდროპის დიალოგის” ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხები: ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის, რეგიონული, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხები, ასევე, საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-ნატოს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია.
ფილმში, ასევე, გადმოიცემა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელსაც სექტემბერში ვესტმინსტერში მოვაწერეთ ხელი.
პროექტი ქართველი კურსდამთავრებულებისა და ამჟამინდელი სტუდენტების მონაწილეობით, რომლებიც ჩივნინგისა და ჯონსსმიტის ფონდის სტიპენდიებით სარგებლობენ, გადმოსცემს განათლების სფეროსთვის ბრიტანეთის მხარდაჭერას.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც იგივე ემოცია დაგეუფლებათ ამ ფილმის მიმართ, რაც მე ქვეყნისა და ხალხის მიმართ მაქვს, რომლებიც წლების მანძილზე, საქართველოს მხარს უჭერენ ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებით!“ – წერს სოფიო ქაცარავა.

https://www.facebook.com/TVImediOfficial/videos/1567364890022090/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები