თამარ ჟვანია: შევჩენკოსა და მალდინის განცხადებებში წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევას ვერ ვხედავ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია მიიჩნევს, რომ 29 სექტემბერს ჩატარებული საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩის შემდეგ, ანდრეი შევჩენკოსა და პაოლო მალდინის მიერ გაკეთებული განცხადებები, წინასაარჩევნო კამპანიის წესებს არ არღვევს.

ჟვანიას განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ან აგიტაცია ხდება მაშინ, როდესაც თვითონ ღონისძიებაა წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნებისთვის ორგანიზებული.

„ამასთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოგვმართა. ეს არ იყო წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ორგანიზებული ღონისძიება. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ან აგიტაცია ხდება მაშინ, როდესაც თვითონ ღონისძიებაა წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნებისთვის ორგანიზებული. ჩვენ ყველას გავეცით შესაბამისი პასუხი. მე პირადად, ვერც შევჩენკოს განცხადებაში და ვერც მალდინის კონკრეტული აზრის გამოხატვაში კამპანიის წესების დარღვევას ვერ ვხედავ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირად არ შემდგარა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი”,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ შევჩენკომ, სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, რადგან 29 სექტემბერს საქველმოქმედო მატჩის შემდეგ განაცხადა – „ჩემს მეგობარ კახი კალაძეს წარმატებას გულით ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები