საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისაკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისაკენ მოუწოდა. აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა  დღეს ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნისას გააკეთა და შესაბამისი მოწოდებით, კონფერენციის მონაწილეებს მიმართა.

პრეზიდენტმა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობასა და პარტნიორებთან ერთად რუსეთის აგრესიისა და პროვოკაციული პოლიტიკის წინააღმდეგ უნდა გადადგას.

გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის მონაწილე საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდა შეიქმნას ერთიანი სტრატეგია, რომელიც და უპასუხებს და დაუპირისპირდება რუსეთის აგრესიულ, ანექსიურ და პროვოკაციულ პოლიტიკას რეგიონსა და კონკრეტულად საქართველოში.

,,შევქმნათ ერთიანი სტრატეგია, რომელიც ნათელ პასუხებს გასცემს რუსეთის პოლიტიკას საკუთარი მეზობლების მიმართ. პრივილეგირებული ინტერესების სფეროებად მსოფლიოს დაყოფა წარმოადგენს საშიშროებას არა მხოლოდ რუსეთის მეზობლებისთვის, არამედ უფრო გლობალურად. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მისული იმ წერტილამდე, როდესაც ყველას ერთად გვექნება ძალიან მტკიცე და ნათელი პასუხები ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით; როდესაც ჩვენი ხმა იქნება უაღრესად კონსოლიდირებული და მტკიცე; როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას რეგიონის დესტაბილიზაციას დაუპირისპირდება სრულიად მტკიცე და ერთიანი ხედვა, რომელიც მისცემს საქართველოს და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების კურსი აირჩიეს, იმის რეალურ და მტკიცე გარანტიებს, რომ ასეთ პოლიტიკას არ ექნება შესაძლებლობა რამენაირად შეარყიოს ჩვენი და რეგიონის სტაბილურობა.

ერთიანი ხედვების, ერთიანი პოლიტიკის, ერთიანი საფუძვლის ძებნის თვალსაზრისით, იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმევა ამ დღეებში და კიდევ უფრო კოორდინირებულები ვიქნებით ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც 25 წლის განმავლობაში, ანუ ფაქტიურად თავისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, ეს გამოწვევები თავიდანვე მომდინარეობდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის ფედერაციის მხრიდან. არა 2008 წელს, არამედ, სულ დასაწყისიდანვე , 90 წლებიდანვე რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა სჯიდა იმ კონფლიქტებით და იმ დაპირისპირებებით, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა 25 წლის განმავლობაში დააზიანა და მას მთლიანობა დაუკარგა.

,,ეს ტენდენცია გრძელდება დღესაც, როდესაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ზრდის როგორც  შეიარაღებას, ასევე არღვევს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, ზღუდავს მათ გადაადგილების თავისუფლებას, უზღუდავს მათ ჰუმანურ შესაძლებლობებს. ამას ახორციელებს ფაქტობრივად ყოველდღიურად, რადგან სულ ახალ შეზღუდვებს, სულ ახალ გამყოფ ხაზებს აგებს ჩვენ ტერიტორიაზე და ასევე ზღუდავს იმ გადასასვლელ პუნქტებს, რომლებიც არსებობს საქართველოს მთავარ ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ამას ახორციელებს სახელმწიფო, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია  და რომელსაც უნდა ჰქონდეს ამაღლებული პასუხისმგებლობა და იყოს  მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი.პრეზიდენტის განცხადებით,  საქართველოს რუსეთის მიმართ მტკიცედ აქვს  არჩეული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე მთავარ მომენტს გულისხმობს:  არაფრით არ არ უნდა წამოვეგოთ იმ პროვოკაციებს, რომელიც როგორც არაერთხელ გამოჩნდა, რუსეთის პოლიტიკის ერთერთ მექანიზმს წარმოადგენს, რათა დაძაბოს ვითარება რეგიონში.  პარალელურად, გავაღრმავებთ  დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში, არ ვაჩერებთ ქვეყნის ინტეგრაციულ პროცესებს ევროპასა და ნატოში და ვავითარებთ დემოკრატიულ რეფორმებს. ამასთან, საქართველომ პარალელურად უნდა გააძლიეროს  შეიარაღებულ ძალები. ქართული შეიარაღ ძალები ყოველ ეტაპზე წარმატებული რეფორმებისა და განვითარების შედეგად გადადიან უფრო მაღალ ხარისხზე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან ნატო-სთან თავსებადობის, ასევე ჩვენი ქვეყნის თავდავცვისუნარიანობის თვალსაზრისით.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებისა, საქართველო რჩება პასუხისმგებლიანი საერთაშორისო მოთამაშე, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განტკიცებაში.
ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,  საქართველო აღრმავებს საკუთარ როლს ტრანსკონტინენტური თანამშრომლობის საკითხებში. ის მასშტაბური რეგიონული პროოექტები, რომლებშიც ჩართულია საქართველო, გახსნილ და ფართო შესაძლებლობებს ქმნის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები