ირაკლი კობახიძე: საქართველო რჩება ნატოს და მეგობარი ქვეყნების ღირსეულ პარტნიორად

“საქართველოს პარლამენტი ხვალ საბოლოოდ მიიღებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომლითაც ქვეყნის თავდაცვის საკითხები სათანადოდ მოწესრიგდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, მკაფიოდ და სათანადოდ, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად, წესრიგდება და იმიჯნება უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში. „განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მართვა, თავდაცვის ძალების მართვა და სამხედრო ძალების გამოყენება. ძლიერდება პარლამენტის როლი და ფუნქციები თავდაცვის სფეროში. აქვე აღვნიშნავ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრება”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო, ისევე, როგორც, მთლიანად, თანამედროვე ცივილიზებული სამყარო, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დგას. მისივე თქმით, მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის ვალია.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს საუკუნეების მანძილზე უწევდა მუდმივი ბრძოლა და შრომა მშვიდობის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და ‘სამწუხაროდ, ეს გამოწვევები აქტუალურია დღესაც.
„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის პროცესი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავაც უხეშად ილახება საქართველოს მოქალაქეების, როგორც ქართველების, ისე ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების ფუნდამენტური უფლებები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების შესახებ ისაუბრა და ის ასპექტები დაასახელა, რომლებზეც ამ მიმართულებით აქცენტი უნდა გაკეთდეს.
„სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა საერთაშორისო თანამშრომლობა, სამხედრო აღმშენებლობა და თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური განვითარება და თავდაცვის სისტემის სათანადო სამართლებრივი უზრუნველყოფა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული და ეს საგანგებო საპარლამენტო რეზოლუციაშია ასახული, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთანავე მიიღო. „ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, რისთვისაც ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ახორციელებს. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან და მის წევრ სახელმწიფოებთან, რასაც ჩვენი ქვეყნის სუვერენტიტეტის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამავდროულად, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნებთან სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით. საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, აგრეთვე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, რომლებსაც მყარად უჭერენ მხარს ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ეროვნული და გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო წარმოდგენილია ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტით ავღანეთში ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში არჩეულ საგარეოპოლიტიკურ კურსსა და პრიორიტეტებს დადებითი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური და ეროვნული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და შესაბამისი ინსტიტუციების გასაძლიერებლად საქართველო უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ახორციელებს და ამ რეფორმების ეფექტიანობა განსაკუთრებით ხელშესახები მას შემდეგ გახდა, რაც თავდაცვის სამინისტროს სათავეში ლევან იზორია ჩაუდგა. „ თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობას აქვს სამხედრო აღმშენებლობის ძალზე კარგად გააზრებული გრძელვადიანი ხედვა და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რაც, უსათუოდ, საქართველოს თავდაცვითი რესურსების არსებით გაუმჯობესებას უზრუნველყოფს”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის რესურსი აქვს საქართველოს პარლამენტს. მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი კვლავაც დაუჭერს მხარს თავდაცვის სფეროს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას. „ამისათვის, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი ეფექტიანად ასრულებს თავის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქციებს. საქართველოს პარლამენტი კვლავაც მხარს დაუჭერს თავდაცვის სფეროს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას. ყველასათვის ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიდგომა, რომლის თანახმად თავდაცვაზე სახელმწიფო მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2%-ს უნდა ხარჯავდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე უზრუნველყოფს თავდაცვის სფეროში ამ სტანდარტის დაცვას.
საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თავდაცვის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფაა, რასაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ.”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ისტორიული გამოცდილების მიხედვით, მშვიდობის მოსურნე სახელმწიფოების მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობით და საერთო ღირებულებებზე შეთანხმებით, ყველა დაბრკოლების გადალახვაა შესაძლებელი. „საქართველო მზადაა, კვლავაც დარჩეს ნატოს და მისი მეგობარი ქვეყნების ერთგულ და ღირსეულ პარტნიორად ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში”, – მიმართა კონფერენციის მონაწილეებს ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები