სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი ერთობლივი განცხადებით დასრულდა. მინისტერიალში მონაწილე 16 ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისთვის.
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აღნიშნა, ცივილიზებული სამყაროსთვის დღეს არსებული გამოწვევები ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს ავალდებულებს იყვნენ ერთმანეთის მტკიცე მხარდამჭერნი და ჰქონდეთ ერთიანობა იმ სტრატეგიულ ამოცანებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნების დემოკრატიული განვითარების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.

„ამ მიზნებისთვის აუცილებელია თითოეული საერთაშორისო ფორმატის გამოყენება. თავდაცვის მინისტერიალი ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნების გაძლიერების შესაძლებლობას გვაძლევს. აღნიშნული ფორმატი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესაძლებლობას და მტკიცე ნების გამოვლენას ნიშნავს. საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა, რომელიც უკავშირდება ევროპულ ოჯახში და ნატოში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, საუბარი კონკრეტულ ინიციატივებსაც შეეხო.: „ოქტომბრის ბოლოს გორში სამხედრო ჰოსპიტლებს შორის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგება. გარდა ამისა, საქართველომ დააფიქსირა სურვილი იყოს წამყვანი ქვეყანა ლიდერ ქალთა როლის შესახებ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ეს არის კონკრეტული ინიციატივები, სადაც საქართველო უფრო აქტიური იქნება. ყველა ჩვენი აქტიურობა დაკავშირებულია ევროპასა და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერებასთან. ეს არის როგორც ნატოს ერთ-ერთი სტრატეგიული, ისე SEDM-ის ამოცანაც. ევროპის, განსაკუთრებით კი, შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ სამხედრო მიმართულებით თავსებადობის გაზრდისთვის და ერთობლივი თანამშრომლობით რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრა SEDM-ის თავმჯდომარემ, მისმა აღმატებულება ელეფტერიოს ანგელოპულოსმა ნაყოფიერად და წარმატებულად შეაფასა: „დღევანდელმა შეხვედრამ ცხადყო, რომ რეგიონის ყველა ქვეყნის მინისტრები ვთანხმდებით ერთად ვიმუშაოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. ჩვენ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. ამ მხრივ, დადებითი შედეგი გვაქვს – ნათელია, რომ გვსურს კონკრეტულ პროგრესს მივაღწიოთ და ჩვენი ერთობლივი მუშაობით ხელშესახები შედეგი მივიღოთ. თუ ჩვენ ერთობლივად ვიმოქმედებთ და გავაერთიანებთ ჩვენს ძალებს, რეგიონში არსებულ სხვადასხვა საფრთხეს, რისკსა და გამოწვევებს უკეთესად გავუმკლავდებით. მინისტერიალმა ცხადყო, რომ თითოეულ ჩვენგანს სურვილი აქვს ვიმოქმედოთ ერთად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფორმატით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად“.

SEDM-ის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სახელით, ელეფტერიოს ანგელოპულოსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს თბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და მის მიერ ქვეყნის წინსვლაში გაწეული წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები