“საქართველოს ხელისუფლება სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე, ახალ ეტაპს იწყებს”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე, ახალ ეტაპს იწყებს.
როგორც მან თემის კომენტირებისას აღნიშნა, რეფორმისთვის შექმნილია ახალი და უნიკალური ფორმატი, რომელშიც ჩართულია როგორც ხელისუფლების სამი შტო – საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ოთხი საერთაშორისო ორგანიზაცია.
დეპუტატის ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულია საკითხები, რომელზეც მუშაობა წარიმართება და ესენია – საქმეთა ნაკადის მართვა, დისციპლინური საკითხების ცვლილებები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, ასევე იუსტიცის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა.
“იუსტიცის სამინისტრო ასევე მუშაობს კომერციული პალატების რეფორმაზე. კომპლექსურად, ეს ყველაფერი მეოთხე ეტაპის დიდი რეფორმა იქნება, რომელსაც დიდი ინტერესი აქვს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მზადაა, რომ რეფორმის ახალ ეტაპს მხარი დაუჭირონ, რაც უნიკალური პროცესია“, – აღნიშნა ბესელიამ.
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, დღეს, ეკა ბესელია საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, დუგლას ბოლს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID​) საქართველოს დემოკრატიის და მმართველობის ოფისის დირექტორს, ლაურა მარია ბათლერ ბერგერს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები