„დადებითად შეფასდა საქართველო, როგორც გამონაკლისი ქვეყანა, რომელიც აჩვენებს პოზიტიურად მზარდ ტენდენციას მედიის დამოუკიდებლობის კუთხით”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს, ჰარლემ დეზირს და მის თანმხლებ პირებს, ანა ლუნდბლადს და აიდარ ბოტაგაროვს შეხვდა.
თამარ ჩუგოშვილმა სტუმრებს საკონსტიტუციო რეფორმით გათვალისწინებული ის ცვლილებები გააცნო, რომლებიც მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების საკითხებს შეეხება. მხარეებმა, ასევე „რუსთავი 2-ის“ მიმდინარე საქმეზე და „საზოგადოებრივი მაუწყებლის” შესახებ ისაუბრეს.
როგორც ჩუგოშვილმა, შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის ის გამონაკლისი ქვეყანა, რომელიც მედიის დამოუკიდებლობის კუთხით, პოზიტიურად მზარდ ტენდენციას აჩვენებს.
„შეხვედრაზე ძალიან პოზიტიურად იქნა აღნიშნული კონსტიტუციის ის ცვლილებები, რომლებიც შეეხება მედიის საკითხებს, ინტერნეტის თავისუფლებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების კუთხით გაზრდილ სტანდარტებს. ასევე, განვიხილეთ რამდენიმე სხვა საკითხი, მაგალითად, როგორიც არის „რუსთავი 2-ის” მიმდინარე საქმე. აღინიშნა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენც და ეუთოც ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას.კიდევ ერთი საკითხი რაზეც ვისაუბრეთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაა, სადაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველო, როგორც გამონაკლისი ქვეყანა, რომელიც აჩვენებს პოზიტიურად მზარდ ტენდენციას მედიის დამოუკიდებლობის კუთხით “, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ასევე აღნიშნა, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე იყო.
„ხელისუფლების მხრიდან იყო ძალიან სერიოზული პასუხი. ვიცით, რომ მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები გადადგნენ. მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების შედეგები დამოკიდებულია როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის პროკურატურაზე. შესაბამისად, მათთან თანამშრომლობის გარეშე ცოტა რთულდება გამოძიება”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები