საქართველოს მთავარი პროკურორი კორინ იონკერს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან: გიორგი გოგაძესთან და გიორგი გაბიტაშვილთან ერთად ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, კორინ იონკერს შეხვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დაინტერესდა, თუ რა ფუნქციები და უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს პროკურატურას არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებისას თუ როგორ რეაგირებს უწყება მსგავსი კატეგორიის დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში, რაზეც ირაკლი შოთაძემ სტუმარს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მზაობა წინასაარჩევნო პერიოდში და 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები