საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

პრემიერმა ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმაზე და მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზე გაამახვილა.

„ჩვენ დავპირდით ჩვენს ხალხს, რომ შემოვიღებდით საპარლამენტო სისტემას და გავაუმჯობესებდით ჩვენს კონსტიტუციას საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გარდა იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა, მასში ასევე ასახულია ისეთი ახალი, პროგრესული ინიციატივა, როგორიცაა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოს დაცვა და ბევრი სხვა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამ გადაწყვეტილებებში ასახულია ქართველთა მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ.  ყოველივე ამას ქართველები ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვამენ, რადგანაც საქართველო უკვე დიდი ხანია ევროპის ფართო კულტურული და ისტორიული სურათის განუყოფელი ნაწილია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურად, სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა ხორციელდება.

„ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სფეროს ამბიციური რეფორმა, რათა ერთმანეთს დავუკავშიროთ განათლების სისტემა და ინდუსტრია, რათა განვავითაროთ მოთხოვნაზე დაფუძნებული უმაღლესი და პროფესიული განათლება და გავაუმჯობესოთ ჩვენი სამუშაო ძალის ეკონომიკური უნარები და შესაძლებლობები. ნოვატორ საზოგადოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების წარმატებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ შემდგომ ინვესტიციებსა და შრომას ჩვენი ეროვნული ეკოსისტემის სასიკეთოდ, რათა მოხდეს მისი ინტეგრაცია გლობალურ ეკოსისტემაში და ჩვენს ნოვატორებს გაეხსნათ მსოფლიო ბაზრებისკენ მიმავალი გზები. ჩვენმა წინდახედულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ საფუძველი ჩაუყარა ჩვენს წარმატებას ჩვენი რეგიონის ტურბულენტურ ეკონომიკურ გარემოში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, საქართველოს პოზიცია 97 ადგილით გაუმჯობესდა 2012 წელთან შედარებით. ამ თვეში Moody’s მონაცემებით, საქართველოს სუვერენული კრედიტის რეიტინგი გაუმჯობესდა და გადაინაცვლა Ba2 კატეგორიაში, რაც იმის დასტურია, რომ ქვეყანამ წარმატებით დაძლია 2014-2016 წლების რეგიონული შოკი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ინვესტირების წახალისების მიზნით, განხორციელდა ამბიციური საგადასახადო რეფორმა, რომელიც გულისხმობს მოგების გადასახადის გაუქმებას გაუნაწილებელ შემოსავლებზე და საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის ლიბერალიზაციას.

„ჩვენი მოლოდინით, წელს მიღწეული იქნება 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო შემდგომ წლებში 7-პროცენტიანი და კიდევ უფრო მეტი ზრდა. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ თავისი გეოსტრატეგიული ინტერესების გატარების საქმეში, რაც გულისხმობს ქვეყნის გარდაქმნას ბიზნესის წარმოების რეგიონულ ცენტრად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურების სწრაფი მიწოდების უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურიზმი და ლოგისტიკა, ასევე – პროდუქციის მისაწოდებლად ბაზარზე. ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც სამუშაო ადგილების შექმნისა და მოქალაქეთა სიღარიბიდან ამოყვანის ძლიერ საშუალებას. ჩვენ შევთანხმდით მსოფლიო სავალუტო ფონდთან ერთად მრავალწლიანი პროგრამის განხორციელებაზე და უზრუნველვყავით სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტების დაფინანსება”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები