სასამართლომ რუსეთის მოქალაქის ძარცვის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსიძის ქუჩაზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ძარცვის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს, პატიმრობა შეუფარდა
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ძარცვის ფაქტზე ბრალდებული სამი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
მათ ბრალად ედებათ ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, დიდი ოდენობით.
საქმე ეხება, 2017 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ძარცვის ფაქტს, რა დროსაც ბრალდებულებმა ა. ხ.-ს სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები.
ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დაზარალებულის ზურგჩანთას, რომელშიც განთავსებული იყო მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა- 13 000 აშშ დოლარის (32 240 ექვივალენტი ლარში) ოდენობით.
ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება შემაკავებელი, პროპორციული ზომა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სასამართლოს განჩინების თანახმად, არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 2 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები