პროექტი – “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” დასრულდა

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი – “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” დასრულდა. პროექტის დახურვის ოფიციალური ღონისძიება, დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში” გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების(„ავსტროკონტროლი”, ხორვატიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო), საავიაციო ინდუსტრიისა და სხვა პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები. მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე კაიდო სირელმა, საქართველოში ავსტრიის სრულუფლებიანი ელჩმა არად ბენკმ და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ.

ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით მიღწეული შედეგებისა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდნენ პროექტის ლიდერები – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან ლევან კარანაძე, პროექტის ლიდერი ავსტროკონტროლიდან ვილჰელმ იაგრიჩი, ხორვატიის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელი, პროექტის უმცროსი ლიდერი დამირ მიკა და პროექტის მუდმივი მრჩეველი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გეროლდ ფუქსი.

როგორც “სითი კვირას” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, TWINNING -ის პროექტის მხარდაჭერით დასრულდა სამოქალაქო ავიაციის მოქმედი კანონმდებლობის ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობის ანალიზი, გამოიცა ანგარიში სამართლებრივი ჩარჩოს განსხვავებების შესახებ. შემუშავდა ევროპული რეგულაციების გადმოტანისა და დანერგვის სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც, საავიაციო სექტორისთვის 80 ევროპული რეგულაციაა იდენტიფიცირებული, ამათგან პრიორიტეტულად განისაზღვრა 20-მდე რეგულაცია, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ევროპელ ექსპერტებთან ერთად; განხორციელდა საავიაციო უსაფრთხოებასთან (ევროკომისიის რეგულაცია 1321, PART 145, PART M, 340, 965, 216), საავიაციო უსაფრთხოების მართვასთან (SMS, SSP), ავიასპეციალისტების სერტიფიცირებასთან, საჰაერო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული რეგულაციების სამართლებრივი ანალიზი, საავიაციო სისტემაზე, ინდუსტრიაზე, გარემოზე და მომხმარებლებზე ზემოქმედების შეფასება (Initial Impact Assesment), მათი დანერგვის დროში გაწერა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
​მათივე ინფორმაციით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს არსებული ფუნქციონალური სტრუქტურა და მისი შესაძლებლობების, შიდა პროცესებისა და პროცედურების შესწავლის შედეგად მომზადდა და სააგენტოსთან შეთანხმებით დამტკიცდა შესაბამისი ანალიზი, შემუშავდა რეკომენდაციები; განხორციელდა 41 სხვადასხვა მიმართულების ექსპერტის 151 სამუშაო მისია (შეხვედრები, სემინარები ტრეინინგები); სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტების სასწავლო ვიზიტები შედგა„ავსტროკონტროლში”, ხორვატიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ ორგანოში;

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი – “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” მიზნად ისახავდა ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფასა და მისი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.
​პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციას წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA). ევროკავშირის მხრიდან პროექტს უძღვებოდნენ: ავსტრიის საავიაციო ხელისუფლება და სააერნაოსნო მომსახურების საწარმო – „ავსტროკონტროლი” და ხორვატიის საავიაციო სააგენტო (CCAA).

პროექტმა მუშაობა 2015 წლის ივნისში დაიწყო და მისი ბიუჯეტი 1,23 მილიონ ევროს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები