პარლამენტის სპიკერს კონსტიტუციური კანონროექტი “ქართული ოცნებისთვის” მომგებიანად არ მიაჩნია

პარლამენტის თავმჯსომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციური კანონროექტში არ არის არცერთი პუნქტი, რაც “ქართული ოცნებისთვის” მომგებიანი არის. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მაკკეინის ინსტიტუტისა და EPRC-ის მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე – “მსოფლიო ქაოსში: დემოკრატიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალი” განაცხადა. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებთან – დავით უსუფაშვილსა და დავით ბაქრაძესთან, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იან კელისთან ერთად, კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში – “საქართველო ახლა და მომავალში” მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოქმედი კონსტიტუციის, კონსტიტუციური კანონის პროექტისა და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რეფორმის პროცესში ორი საკითხია მნიშვნელოვანი – თავად პროცესი და საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი. მისი თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დოკუმენტი ფართო ჩართულობის საფუძველზე, ეფექტური ოთხთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად შეიმუშავა და მასში ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული წინადადებების 80 პროცენტია გათვალისწინებული. პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვით გათვალისწინებულ საპარლამენტო მმართველობისა და საარჩევნო სისტემებზე ისაუბრა. “ჩვენ ვაძლიერებთ საპარლამენტო სისტემას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სარგებელია. გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. როგორც აღვნიშნე, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა პოლიტიკური საკითხი იყო. ამის მიღმა ბევრი მიზეზი იყო. ჩვენ რთული ვითარება გვქონდა საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით, ასევე, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. პირველად, ჩვენ ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს დემოკრატიულ სისტემას. პირადად მე, მივესალმები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ოპოზიციური პარტიები არ იყვნენ მზად მხარდაჭერისთვის. ეს იყო ერთი საკითხი და მეორე – ჩვენ გვქონდა გამოწვევები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მომხდარიყო. “საპარლამენტო უმცირესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერით, შესაძლებელი იქნებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ, მათი მხარდაჭერის გარეშე, ეს უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდა. როდესაც გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის შემდეგ, შევთავაზეთ მათ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლას გულისხმობდა, მაგრამ მათ მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს. ეს ჩვენთვის გაუგებარი იყო. ბოლოს, დაგვრჩა ორი ალტერნატიული გამოსავალი – კანონპროექტის არ მიღება, ან მისი მიღება, მაგრამ პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს გადასვლით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პირადად მე, მივესალმებოდი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლისთვის, მაგრამ პოლიტიკურად ეს შეუძლებელი აღმოჩნდა”,- განმარტა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასთან დიალოგს შეეცადა, თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. “როდესაც ვსაუბრობთ პროცესზე, ჩვენ კიდევ ერთი მცდელობა გვქონდა, დაგვერწმუნებინა ოპოზიცია, რათა მათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარი დაეჭირათ. ჩვენ მათ ვთხოვეთ, საპარლამენტო უმრავლესობისთვის მიეწოდებინათ სია საკითხებისა, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ამ პირობებში, შეუძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაგრძელება”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი განცხადებით, კონსტიტუციურ კანონის პროექტს პოზიტიურად აფასებს ვენეციის კომისია, რომლის 23 რეკომენდაციიდან – 20 დოკუმენტში ასახულია. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია. “ვენეციის კომისიას 23 რეკომენდაცია ჰქონდა, რომელთაგან – 20 გავითვალისწინეთ. არის მხოლოდ სამი საკითხი, რომელსაც არ ჰქონდა დემოკრატიული სისტემისთვის პოლიტიკური მნიშვნელობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. ახლა ველოდებით საბოლოო შეფასებას ვენეციის კომისიისგან. დოკუმენტი აყალიბებს ძალიან კარგ სისტემას, ძალიან კარგ საპარლამენტო სისტემას, რომლის მიხედვით, პროპორციული სისტემა ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მას მინიმუმ 20 ისეთი საკითხის დასახელება შეუძლია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ოპოზიციასა და დემოკრატიულ სისტემას აძლიერებს. აქვე, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დოკუმენტში არ არსებობს არცერთი ისეთი ჩანაწერი, რომელიც მმართველ პარტიას სარგებელს მოუტანს. “შემიძლია დაგისახელოთ მინიმუმ 20 მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აძლიერებს ოპოზიციას და დემოკრატიას საქართველოში. მაგრამ თუ ჰკითხავთ ნებისმიერ ექსპერტს, რომელი საკითხია სარგებლიანი მმართველი პარტიისთვის, არ არსებობს არცერთი ისეთი ჩანაწერი, რომელიც მომგებიანია მმართველი პარტიისთვის. ეს ნათლად აჩვენებს მმართველი პარტიის პოლიტიკურ ნებას და დოკუმენტის ხარისხს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები