დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკს რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

0

„რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ახორციელებს არაერთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას უჭერს მხარს.  ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკი გამოირჩევა როგორც საქართველოს მხარდამჭერი,“ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან სამთავრობო რეფორმების მხარდამჭერი ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი რეფორმები ხელს უწყობს ქვეყნაში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს აღნიშნული მხარდაჭერისათვის, ასევე ყველა იმ უწყებას, ვინც აღნიშნულ რეფორმაში მონაწილეობს, აღნიშნული რეფორმები თავისთავად მიმართულია იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, უფრო გაძლიერდეს და კონკურენტუნარიანი გახდეს კერძო სექტორი და, შესაბამისად, მოხდეს ჩვენს ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა,“ – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება, რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) 44.6 მლნ. ევროს მოცულობის სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით განვითარების პოლიტიკის მეორე პროგრამული  ღონისძიებისთვის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. აღნიშნული პროგრამა მიმართულია უფრო მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად კერძო სექტორის პროდუქტიულობის ამაღლების ხელშემწყობი პოლიტიკის, გრძელვადიანი დანაზოგების და ინვესტიციების სტიმულირების, ფინანსური და სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების და სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნის საშუალებით, რაც შესაძლებელს გახდის მცირე და საშუალო ბიზნესის და ახალი ფირმების განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი