მაიკ პენსი: ამერიკა პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სწრაფვას ნატოში გაწევრიანებისკენ

„საქართველო უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია. ჩვენ პატივს ვცემთ მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სწრაფვას ნატოში გაწევრიანებისკენ“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრისას განაცხადა. დასაწყისში მაიკ პენსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს გულთბილი მასპინძლობისთვის და კიდევ ერთხელ გადასცა მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარი გზავნილი, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით არის.
“ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომელიც უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ვითარდება. საქართველო უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია. ჩვენ პატივს ვცემთ მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სწრაფვას ნატო-ში გაწევრიანებისკენ”, – განაცხადა მაიკ პენსმა შეხვედრაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მაიკ პენსს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოცხადებულ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერად შეაფასა. მხარეებმა საქართველო–ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.
ხაზი გაესვა თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს როლს ქართული შეიარაღებული ძალების განვითარებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით. აღინიშნა საერთაშორისო სწავლების – “ღირსეული პარტნიორი” მნიშვნელობა რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და ამერიკის ვიცე–პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ნომერ პირველ პრობლემას ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატების მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მაიკ პენსს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ურყევი პოზიციისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
ამერიკის ვიცე–პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში ქართველი ჯარისკაცების მიერ შეტანილი წვლილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს. საქართველოს პრემიერ–მინისტრის განმარტებით, დღეს ქვეყანას აქვს ერთ–ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო, კორუფციისა და ბიუროკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებელი და დაბალი გადასახადები, რაც ამერიკული ბიზნესისთვის საინტერესოა. აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული კომპანიების დაინტერესება და ჩართულობა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო გააღრმავონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები