ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებულ დათვთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო განმარტებებს აკეთებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებულ ლაივ-ვიდეოებთან დაკავშირებით, რომლებიც თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებულ დათვს ეხება, განმარტავს, რომ დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან ყველა საჭირო პროცედურა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად გატარდა – პირის მიმართ, რომელსაც დათვი უკანონო ტყვეობაში ჰყავს, შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. დათვის უკეთეს პირობებში გადაყვანა უახლოეს დღეებში იგეგმება.
შეტყობინება, ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებულ დათვთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოვიდა და რეაგირების მოხდენის მიზნით, დაუყოვნებლივ გადაეცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების ინსპექტორებს. 10 ივლისს, ადგილზე მისულმა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტუაცია შეისწავლეს და ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით, პირის მიმართ, რომელსაც, მისივე განმარტებით, ცხოველი ტყვეობაში 2004 წლიდან ჰყავს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს. ვინაიდან დათვის ტრანსპორტირებისთვის მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები იყო საჭირო (გადასაყვანი ტერიტორიისა და ვოლიერის მომზადება, შესაბამისი ტრანსპორტის უზრუნველყოფა, ვეტერინარის ადგილზე ყოფნა და სხვა), ცხოველი, დროებით, კვლავ ბელიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ ვოლიერში დარჩა და შესაბამისი აქტის საფუძველზე, დროებით ჩაბარდა პირს, რომლის მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა. დათვის გადაყვანა ცხვარიჭამიაში, თამაზ ელიზბარაშვილისა და სოსო ჯიქურაშვილის მიერ მოწყობილ “ნაკრძალ-თავშესაფარში”, ამავე პირების მიერ უზრუნველყოფილი ტრანსპორტით, 28 ივლისს დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმირებული იყვენენ როგორც თავშესაფრის მეპატრონეები, ასევე პირი, რომელსაც დათვი დროებით მიბარდა. თუმცა ადგილზე გამოცხადების შემდეგ, აღნიშნულმა პირმა უარი განაცხადა დათვის დათმობაზე, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციაც. ამის შემდგომ, პირმა, რომელსაც დათვი დროებით ჰყავდა მიბარებული, იმ ტერიტორიის მესაკუთრესთან ერთად, სადაც უკანონო ვოლიერია განთავსებული, ბელიაშვილის ქუჩა დატოვა, შესაბამისად, ვერ მოხერხდა დათვის გადასაყვანად კანონით დადგენილი საჭირო პროცედურების განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ ბელიაშვილის 22 ნომერში შპს. ,,განვითარების“ ტერიტორიაზე, 14 წლის განმავლობაში, 8 კვადრატულ მეტრ ფართობის გალიაში, საშინელ პირობებში დათვი ჰყავთ დატყვევებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები