ჩინური კომპანია: ხარაგაულში, გვირაბის მშენებლობისას, უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული

ჩინეთის რკინიგზის 23 -ე ბიურო ეხმაურება ხარაგაულში დღეს დილით მომხდარ ინციდენტს, რამაც 2 მუშის დაშავება გამოიწვია. კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„29 ივლისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში მდებარე მე-7 გვირაბის მშენებლობის დროს, ორი მუშა დაშავდა. მათ შორის, ერთ-ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და მედიკოსების მხრიდან გაწეული შესაბამისი დახმარების შემდეგ, საავადმყოფოდან გაეწერა. მეორე მუშა – თამაზ ტალახაძე, რომელმაც ქვების ჩამოცვენისა და პლატფორმიდან ჩამოვარდნის შედეგად, სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო, ხაშურის საავადმყოფოში გაწეული პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, გადაყვანილია თბილისში, კლინიკა ”ლანცეტში“, სადაც ამბულატორიულ მკურნალობას აგრძელებს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვირაბის მშენებლობის პროცესში, დაშავებული მუშების უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული. ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ შესაბამისი აღჭურვილობით. უბედური შემთხვევის შემდეგ, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება იმისათვის, რომ დაშავებულებისთვის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გაწევა ოპერატიულად მომხდარიყო. აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ ეცნობათ სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენი კომპანია სრულად დაფარავს მკურნალობის ხარჯებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს თამაზ ტალახაძის სწრაფ გამოჯანმრთელებას. გვსურს, დამატებით გაცნობოთ, რომ გვირაბის ჩამონგრევას ადგილი არ ჰქონია. გვირაბის საექსკავაციო ნაწილში მხოლოდ მცირე მოცულობის ქვა ჩამოვარდა”, – ნათქვამია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები