გიორგი მარგველაშვილი უმრავლესობას პასუხობს – მეამაყება, რომ ანა დოლიძისნაირ ადამიანებთან ერთად ვემსახურები ჩემს სამშობლოს

“მეამაყება, რომ ანა დოლიძისნაირ ადამიანებთან ერთად ვემსახურები ჩემს სამშობლოს და მასთან ერთად ვარ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში” , – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
გიორგი მარგველაშვილი ანა დოლიძის საპარლამენტო გამოსვლის ირგვლივ შექმნილ ვითარებას ეხმაურება, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“მეამაყება, რომ ანა დოლიძისნაირ ადამიანებთან ერთად ვემსახურები ჩემს სამშობლოს და მასთან ერთად ვარ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში. მინდა შეგახსენოთ, რომ ანა დოლიძე არც ძველი კომკავშირელია და არც ახალი კომკავშირის მშენებელი. ანა დოლიძე არც “ნაციონალური მოძრაობიდან” პორტირებულია “ქართულ ოცნებაში” და არც მედროვე. ჩემი პრინციპი ყოველთვის იყო, ანა დოლიძისნაირი ძლიერი, ღირებული ფასეულობების მქონე ადამიანებისთვის მიმეცა ქვეყნის სამსახურში ყოფნის შესაძლებლობა.
ბევრისაგან განსხვავებით, ქვეყანაში მძიმე ვითარების დროს, ანა არასოდეს გაჩუმებულა, არ შეშინებია პრინციპული პოზიციის დაფიქსირება. ხშირად მარტოც კი, მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე ადამიანი აპროტესტებდა გირგვლიანის მკვლელობას, როცა ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ანა იცავდა უსამართლობის მსხვერპლ ოჯახებს. ალბათ ამიტომაც გახდა ანა დოლიძე შეურაცხყოფის სამიზნე “ქართული ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენლისთვის. ალბათ ამ პრინციპულობის გამო უშლიან მას ხელს კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში. ალბათ ამიტომ არის მიუღებელი არამარტო საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად.
თავს მოვალედ მივიჩნევ, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ სწორედ ანა დოლიძისნაირი უშიშარი, პრინციპული, პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანები ქმნიან ქვეყნის მომავალს და არა ის პიროვნებები, რომლებიც ერგებიან ნებისმიერ მთავრობას, რთულ ვითარებებში კი საკუთარი სიჩუმის გადაფარვას აგრესიით და თავდასხმებით ცდილობენ. ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში უამრავი საჭირბოროტო საკითხია გადასაჭრელი, გამოგონილი დაპირისპირებების შექმნა, ხალხისთვის მნიშვნელოვანი დღის წესრიგიდან გაქცევა, ახალი არ არის.
მოვუწოდებ პარლამენტს, დაუბრუნდეს კანონშემოქმედებით საქმიანობას, დეპუტატები კი კონცენტრირდნენ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე”, – აღნიშნულია განცხადებაში. საპარლამენტო უმრავლესობამ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, რომ შეწყდეს პრეზიდენტის წარმომადგენლის მხრიდან პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები