ქეთევან ციხელაშვილი: ყოფილი პრეზიდენტის მოქალაქეობის ჩამორთმევას პოლიტიკური მოტივი არ აქვს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამას პოლიტიკური მოტივი არ აქვს და უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი მოცემულობით მიიღო.
მისივე თქმით, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი აქტუალური ფიგურა აღარაა, ამიტომ ეს საკითხი არ გახლავთ პოლიტიკური.
„არანაირ ახალ მტკიცებულებებზე საუბარი არ არის. ჩემი ინფორმაციით, საქმის ვითარება უკვე დიდი ხანია ცნობილია. სამართლებრივი წარმოება, რომელიც მიმდინარეობს უკვე წლების განმავლობაში, ეს არის მოცემულობა. აქ რაიმე სიახლეზე ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება სხვა ზომებს, რაც ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ვგულისხმობ, ეს არის უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება და შესაბამისად, მე არც შეფასებასა და კომენტარებში არ შევალ. პოლიტიკურად ყოფილი პრეზიდენტის ფიგურა აქტუალური საქართველოში არ არის და შესაბამისად, ეს საკითხი არ გახლავთ პოლიტიკური. ბუნებრივია, ის სამართლებრივი მხარე, რომელიც აქვს ამ საქმეს, არის ცნობილი. მეტს ვერაფერს გეტყვით, არანაირი ახალი მტკიცებულებები არ არის და მე არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს განცხადება”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.