ლევან დავითაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან, კასპის გამგებელ გოჩა გოჩიტაშვილთან და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა.
ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და რაიონში არსებულ მთავარ გამოწვევებზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავარ გამოწვევად რაიონში აგროდაზღვევის სისტემა, მოსავლის სარეალიზაციო ბაზრები, მცენარეთა მოვლის საშუალებების ხარისხი და სარწყავი წყლის მიწოდება რჩება. მინისტრის განცხადებით, 2012 წლამდე, საქართველოს მასშტაბით, 40 ათასი ჰა სარწყავიანდებოდა, ამ ეტაპისთვის კი ეს ციფრი 3-ჯერ გაიზარდა და 110 ათას ჰექტრამდეა შესაძლებელი სარწყავი წყლით სარგებლობა. დაგეგმილია პროექტები და მელიორაციისა და ირიგაციის ახალი სტრატეგიის თანახმად, 2020 წლამდე უკვე 200 ათასი ჰა იქნება წყალუზრუნველყოფილი. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა, მცენარეთა მოვლის საშუალებების რეალიზაციის მოწესრიგების კუთხით, ახლო მომავალში კი უკვე შესაძლებელი იქნება ბაზარზე ხარისხიანი საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფა, რომელიც ხარისხიანი მოსავლის გარანტიაა.

ასევე, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აგროდაზღვევის სისტემის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საპილოტე პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ 2013 წელს დაიწყო, სხვადასხვა რისკების მართვა დაემატება და ინტენსიური საფუძველი შეიქმნება, რომ მეტად ხელმისაწვდომი იყოს ფერმერებისთვის.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფლის მცხოვრებლებს „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები გააცნო, რომლის თანახმადაც, 24 მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებს კიდევ 5 მუნიციპალიტეტი – კასპი, მცხეთა, საგარეჯო, წყალტუბო, ხაშური დაემატა. მინისტრის განცხადებით, მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მთელ რიგ დახმარებებს, მათ შორის, ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემას მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობისათვის. ეს არის 2- წლიანი პროგრამა, რისთვისაც სახელმწიფო  6 მილიონ ლარს გამოყოფს.
შეხვედრა კასპის გამგეობის შენობაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები