კობა კობალაძე: ანა დოლიძის შეურაცხმყოფელი სიტყვები და აგრესია აღმაშფოთებელია!

„კონსტიტუციის განხილვის, ანალიზის, კრიტიკის პროცესში ჩართულები ვიყავით, ეს არ იყო მხოლოდ თვალის მიდევნება. მიუხედავად მრავალი შეთავაზებისა, პარლამენტის წევრების კოლოსალური მუშაობისა თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, რომელიც მობილიზებული იყო მთელი გუნდი, ჯანსაღი ოპონირების ნაცვლად ვისმენთ უაზრო, არაფრისმომცემ თავდასხმებს! საბოლოო იყო ის დემარში და აგრესია, რომელითაც ქალბატონი ანა დოლიძე გამოირჩეოდა პარლამენტის ტრიბუნიდან”, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც კობალაძემ „რეპორტიორთან” განაცხადა, დოლიძის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით გაკეთებული განცხადებები აღმაშფოთებელია.
„ანა დოლიძის შეურაცხმყოფელი სიტყვები და გაურკვეველი აგრესია აღმაშფოთებელია! პარლამენტის თავმჯდომარე, მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა, არის განათლებული, სერიოზული, კონსტიტუციონალისტი და რაც მთავარია, კარგ ოჯახში აღზრდილი ადამიანი. დიახ, ირაკლი კობახიძე, მიუხედავად თავისი ასაკისა, ბევრი სტუდენტის გმირია! არ შეიძლება, ასე, ერთი ხელის მოსმით შეურაცხყოფებს ვარიგებდეთ! ეს ქვეყანა იმდენად პატარაა, რომ ერთმანეთზე მოქნეული ხელი ისევ ჩვენს ქვეყანას ხვდება.
სამწუხაროდ, თუ დავაკვირდებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის სიძლიერეზე აღარაა ორიენტირებული. მათი მთავარი მიმართულება საკუთარი სიჯიუტის დაკმაყოფილებაა. ერთს გეტყვით: პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული წინადადებები პუნქტობრივად განვიხილეთ და ერთად მივედით იმ პოზიციამდე, რაც ასე ძალიან არ ესიამოვნა ქალბატონ დოლიძეს. მათ სხვა გზა აირჩიეს. პრეზიდენტის შემწეობით ამოირჩიეს ის მიმართულება, სადაც მარტოები დგანან და მხოლოდ ზევიდან ქვევით იყურებიან! ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მაინც ვიტყვი: არადა, უმაღლესი მთავარსარდლები ასე არ იქცევიან! ისტერიული ტონი, უზრდელობა, უმადურობა და ამპარტავნება არ ეკადრება არავის! და, რბილად რომ ვთქვათ – მეტი ღირსებაა საჭირო, ბატონებო! ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. ეს კონსტიტუცია არის ქვეყნის ძლიერ მომავალზე ორიენტირებული, და ამას ყველა უნდა შეეგუოს!” – განაცხადა კობა კობალაძემ.

წყარო:http://reportiori.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები