ნატო ჩხეიძე: ეს ცვლილებები ევროპას და დასავლურ ფასეულობებს გვაშორებს!

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონით“ გათვალისწინებულ შეზღუდვებს მხარი სრულიად შეგნებულად დავუჭირე, რადგან პროგრესული საზოგადოება და ყველა ნორმალური და თავისი თავის პატივისმცემელი სახელმწიფო ამ მიმართულებით მიდის, ანუ შეზღუდვებს უწესებს თამბაქოს ინდუსტრიას, თუმც ეს ლეგალური ბიზნესია და ყველა ქვეყნის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი წილის შემტანი“, – განაცხადა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას, მას შემდეგ, რაც უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, რიგგარეშე სხდომაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით შეიტანა.
„პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ეს კანონი საამაყოა, რადგან ჩვენი ახალგაზრდობის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ამ კანონით, დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები, რაც შეიძლება, უსიამოვნო იყოს თამბაქოს ინდუსტრიისათვის, მაგრამ საჭირო და სასიცოცხლოა არა მარტო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის, არამედ სრულიად კაცობრიობისთვის“, – აღნიშნა ჩხეიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ქვეყნების რეალობასა და ამ ქვეყნების მიერ თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებულ, გაცხადებულ პოლიტიკასთან.
„წარმოდგენილი პროექტით, სრულიად უარგუმენტოდ და ცრუ ინფორმაციების მოშველიებით, ავტორები ცდილობენ, ისეთი ყველაზე ეფექტური საშუალების ამოქმედების 5 წლით – 2022 წლამდე გადაწევას, როგორიცაა თამბაქოს კოლოფის ე.წ. სტანდარტიზებული შეფუთვა და თამბაქოს კოლოფის ხილვადობის შეუძლებლობა. ასეთი კანონპროექტი შემოდის საქართველოს პარლამენტში მაშინ, როცა ინგლისის უზენაესმა სასამართლომ, წელს, 12 აპრილს, უარი უთხრა „ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს“, „იმპერიალ ტობაკოს“, „ჯი ტი აი“-ს და „ფილიპ მორისის“ ერთობლივ საჩივარს, სწორედ სტანდარტული შეფუთვის წინააღმდეგ და ერთწლიანი განხილვების შემდეგ, სასამართლომ „არადამაჯერებლად და არასანდოდ მიიჩნია თამბაქოს კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები“, – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.
მისივე თქმით, დღეს ინგლისში, საფრანგეთსა და ევროპის კიდევ 9 ქვეყანაში თამბაქო სწორედ სტანდარტული, ანუ ერთიანი შეფუთვის მქონე კოლოფებით იყიდება. ასეთ კოლოფებზე მხოლოდ პროდუქტის სახელწოდება წერია, დანარჩენი ადგილი კი სამედიცინო გაფრთხილებასა და პიქტოგრამას უჭირავს.
„საქართველოს პარლამენტში სტანდარტული შეფუთვის 5 წლით გადავადებას ითხოვენ, მაშინ, როცა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ, რომელიც ევროკავშირის სამართლის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოა და რომლის გადაწყვეტილებაც არსად საჩივრდება, კანონიერად მიიჩნია ევროკავშირის დირექტივა, რომელიც თამბაქოს ზემოაღნიშნულმა მულტინაციონალურმა ფირმებმა გაასაჩივრეს“,- განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები