დავით სერგეენკო: მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის მთავრობის გადასაწყვეტია და არა საქართველოს მთავრობის
„მჯერა, რომ იურისტები როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში მიიღებენ სწორ და კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს.
როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის მთავრობის გადასაწყვეტია და არა საქართველოს მთავრობის.
“გამიჭირდება რაღაც პოლიტიკური შეფასებები მივცე სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს, უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ორი თეორიული, პოლიტიკური და იურიდიული შემადგენლიდან აქ წამყვანია მხოლოდ იურიდიული და არა პოლიტიკური, რადგან ის არ წარმოადგენს რაიმე პოლიტიკურ მნიშვნელოვან საპირწონეს. მჯერა, რომ იურისტები, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, მიიღებენ სწორ და კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა სერგეენკომ.
კითხვაზე, რჩება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი ძალაში, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განხილული არ ყოფილა. მისივე თქმით, სააკაშვილის საკითხზე არც პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს ყოფილა მსჯელობა.
“ამ შეხვედრებს პირადად არ ვესწრებოდი, მაგრამ ძირითადი თემების საქმის კურსში ვარ, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა”, – განაცხადა სერგეენკომ.