ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის გამაგრების მიზნით გააქტიურებულ სამუშაოებთან დაკავშირებით იმსჯელეს

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, ქართული მხარის ინიციატივით, საოკუპაციო ხაზის გამაგრების მიზნით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო პერიოდში გააქტიურებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მსჯელობა გაიმართა. აღნიშნულ საკითხზე განცხადება ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.
ეუთოს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ 2017 წლის პირველ ნახევარში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების, სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. გამყოფი ხნულების გავლების შესახებ. განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმართულებით, სოფლებში – ბერშუეთში, წითელუბანში, ხურვალეთში ე.წ. „საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მოწყობის ფაქტებზე. განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ ოკუპანტი ძალა ცდილობს, ამ რეგიონების და იქ მცხოვრები მოსახლეობის კიდევ უფრო იზოლირებას, ე.წ. „ბორდერიზაციის” უკანონო პროცესის გზით.
ქართველი დიპლომატის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. მისი განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ემსახურება მიმდინარე ოკუპაციის დაკანონებას, უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ხელს უწყობს ადგილზე არსებული ისედაც რთული ვითარების დესტაბილიზაციას.
უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე სურათი ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებას. საქართველოს დელეგაციამ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, უკან წაიღოს მათი აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ისევე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვანი შეფასება მისცეს რუსეთის ქმედებებს და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის უკანონო ნაბიჯების საპასუხოდ.
სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა, აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ალბანეთის, მონტენეგროს და უკრაინის სახელით. დელეგაციებმა ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
კანადის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რაც ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მან შეშფოთება გამოხატა ე.წ. “ბორდერიზაციის” პროცესთან დაკავშირებით, რაც მხოლოდ ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას და ხელს უშლის მათ თავისუფალ გადაადგილებას.
აშშ-ის დელეგაციამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია არის მიუღებელი და მოუწოდა რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, უარი თქვას საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად ცალმხრივ აღიარებაზე. აშშ-ის დელეგაციამ ასევე მტკიცედ დაუჭირა მხარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას.
ევროკავშირის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი ქმედებები ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საერთაშორისო ძალისხმევას და ეს უნდა შეწყდეს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები