პრეზიდენტი ოკუპაციაზე: უსამართლობის კედლები, რომელიც აგებულია უსამართლობის და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე ისე დაინგრევა, როგორც დაინგრა ევროპაში
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მცოცავ ოკუპაციას ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა” გახსნაზე გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, უსამართლობის კედლები, რომლებიც აგებულია უსამართლობის და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე, ისე დაინგრევა, როგორც დაინგრა ეს კედლები ევროპაში, მოთმინების, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზაციის და მშვიდობიანი პროცესის შედეგად.
მისივე თქმით, არც ერთი შემთხვევა ახალი ბარიერების გავლებისა არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ისე, უცხოელი კოლეგა მეგობრებისთვის.
“გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, როდესაც კომენტარები ამ მცოცავ ოკუპაციაში არის აღვსილი ცინიზმით და სწორედ დაძაბულობის შემტანი არის რეგიონში. საქართველო ამ პრობლემატიკის მიმართაც გამოირჩევა უაღრესი პასუხისმგებლობით და მოთმინების უნარით. ჩვენი დამოკიდებულება იმ ისტორიულ უსამართლობასთან, რომელიც რამდენიმე კილომეტრში ხდება, როგორც აფხაზეთის, ასევე, ცხინვალის რეგიონში ოკუპაციის სახით, ჩვენ გვაქვს ევროპულ გამოცდილებაზე დამყარებული დამოკიდებულება. ჩვენ ვამბობთ, რომ უსამართლობის კედლები, კედლები, რომლებიც აგებული არის უსამართლობის და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე, ისე დაინგრევა, როგორც დაინგრა ეს კედლები ევროპაში, მოთმინების, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზაციის და მშვიდობიანი პროცესის შედეგად.
არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთის ფედერაცია, არც ერთი შემთხვევა ახალი ბარიერების გავლებისა, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, არა მარტო ჩვენი მოქალაქეების, არამედ თქვენ მიერაც, ჩვენო კოლეგებო და მეგობრებო, რადგან ასეთი უსამართლობა არ მთავრდება ხოლმე იქ, სადაც ის მთავრდება. ყოველთვის, ასე უსამართლოდ გავლებულ საზღვრებს და კედელებს მოჰყვება ხოლმე თავისი ექო სხვა შემთხვევებში, ამიტომ ყოველთვის ჩვენ მზად ვართ ხოლმე, ვიყოთ პრინციპული და მოველით თქვენგანაც ნათელ და მკაფიო შეფასებას, იმ ქმედებებზე, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. საქართველო არავის პრივილეგირებული ინტერესის სფერო არ არის, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თავის იდენტობას საუკუნეების განმავლობაშ ახორციელებდა და მომავალ საუკუნეებშიც განახორციელებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.