მიხეილ ჯანელიძე კონფერენციაში -„საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა” მონაწილეობს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობს რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველოს ევროპულ გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა”. უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე სესიაზე – „საქართველო, რეგიონული სტაბილურობა და ევროპის ენერგოუსაფრთხოება” სიტყვით გამოვა.
კონფერენციის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, სხვადასხვა ფორმატში შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტარებთან, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” საგანგებო დავალებათა ელჩებთან, ბუნდესთაგის დელეგაციასთან, ევროკავშირის ელჩებთან, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში, საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან ევროპულ საკითხებში, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და პოლონეთის სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ საკითხებში.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ქ. ბათუმი, 13-14 ივლისს რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველოს ევროპულ გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა” მასპინძლობს. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
კონფერენციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გახსნის. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ენერგოკავშირის საკითხებზე პასუხისმგებელი მაროშ შევჩოვიჩი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი.