„უნდა გაძლიერდეს კონტრდაზვერვის სამსახურის უფლებები, ეს დღევანდელ ვითარებაში აუცილებელია“

არცერთ ძალოვან სტრუქტურას არ ესაჭიროება საგამოძიებო ფუნქციები, არც თავდაცვას, არც შსს-ს, არც სუს-ს – ამის შესახებ ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. სალუქვაძე მიიჩნევს, რომ მათი საქმეა დარღვევის გამოკვეთა და გადაცემა საგამოძიებო სამსახურისთვის.
მისივე აზრით, პარალელურად უნდა გაძლიერდეს კონტრდაზვერვის სამსახურის უფლებები. როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, ეს დღევანდელ ვითარებაში აუცილებელია. „რუსეთის თემაზე ვგეგმავდი ბლოგის დაწერას, თუმცა მესამე სექტორის ინიციატივას უნდა გამოვეხმაურო. დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნაზე წელიწადია ვწერ და ვსაუბრობ პრესკონფერენციებსა თუ ინტერვიუებში. არავის გეცილებით ინიციატივაში. უბრალოდ: 1. როცა ასეთი ინიციატივით გამოდიხართ და ღონისძიებას აწყობთ, თუ საქმე გადარდებთ და არა პოლიტიკა ან პოლიტიკური შემადგენელი, დარგის სპეციალისტები მოიწვიეთ (საკუთარ თავზე არ ვსაუბრობ, საგამოძიებო საქმიანობის სპეციალისტები მაქვს მხედველობაში), თორემ დასხდებით ენჯეოშნიკები. ყველაფრის სპეციალისტები ხართ? 2. ნუ აპოლიტიზირებთ ასეთ თემებს, ისაუბრეთ მხოლოდ საკითხის დასაბუთებაზე, თან სიღრმისეულად და არა ვიკიპედიის დონეზე 3. საკითხი სწორად დააყენეთ. თუ მართლა გადარდებთ ერთიანი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნა, ცოტა მასშტაბურად შეხედეთ, თუ მხოლოდ სუს-ის წინააღმდეგაა მიმართული სხვა თემაა და მაშინ ამ ბლოგსაც აზრი არ აქვს. როცა საუბრობთ, რომ ჩვენთან არსებული მოდელი არ შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს, ხომ იცით, რომ ეს სიცრუეა? თუ საკითხის გადაწყვეტა გსურთ გაიტანეთ კარგად მომზადებული ინიციატივა და სწორად დაასაბუთეთ. ჩვენთან არსებული მოდელი არაფრითაა იმაზე უარესი, როგორიც არსებობს ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში და ა.შ. ამის შესახებ ბევრჯერ დავწერე და აღარ განვმეორდები. ეს არ ნიშნავს, რომ სისტემა არ უნდა გაუმჯობესდეს. ბევრჯერ განვმარტე რატომ უნდა იყოს ცალ-ცალკე საგამოძიებო სამსახური და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი. ბლოგის ბოლოში ბმულებს დავდებ და იქ გადახედეთ. ხელახლა ახსნას არ შევუდგები. თუ გვსურს რეალური რეფორმა, მაშინ უნდა ვისაუბროთ მთელი საგამოძიებო სისტემის რეფორმირებაზე, რის მომზადებასაც საკმაო დრო ესაჭიროება. არსებული მოდელი კი არცერთ სხვა დასავლურს თუ აღმოსავლურ მოდელებს არ ჩამოუვარდება და შესაბამისად მისი ნაჩქარევად მოშლა კარგს არაფერს მოიტანს. უნდა შეიქმნას მძლავრი საგამოძიებო სტრუქტურა, რომელსაც შესაძლოა ეწოდოს “სახელმწიფო საგამოძიებო სამსახური” (სსს). ყველა ძალოვან სტრუქტურას, სუს-ს, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, შესაძლოა პროკურატურასაც (უკანასკნელზე თავს ვერ დავდებ) უნდა გამოეყოს საგამოძიებო სტრუქტურები და გაერთიანდეს სსს-ში. არ იგულისხმება შიდა აუდიტები და გენერალური ინსპექციები, რომელთა ფუნქციები არ უნდა გასცდეს შიდა განაწესის შესრულების შემოწმებას. თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში კი შიდა განაწესთან ერთად გენერალური ინსპექციის მთავარი ფუნქცია უნდა იყოს საბრძოლო მომზადების და საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება, რასაც მისი სათანადო სპეციალისტებით დაკომპლექტება ესაჭიროება. ეს საჭიროება წლებია ვერ გავაგებინე სახელმწიფოს. სსს-ში უნდა შეიქმნას სათანადო მიმართულებები, და დაკომპლექტდეს შესაბამისი სპეციალისტებით. სტრუქტურა უნდა ექვემდებარებოდეს პრემიერს და ანგარიშვალდებული იყოს პარლამენტის წინაშე. არცერთ ძალოვან სტრუქტურას არ ესაჭიროება საგამოძიებო ფუნქციები, არც თავდაცვას, არც შსს-ს, არც სუს-ს. მათი საქმეა დარღვევის გამოკვეთა და გადაცემა საგამოძიებო სამსახურისთვის. პარალელურად უნდა გაძლიერდეს კონტრდაზვერვის სამსახურის უფლებები. ეს დღევანდელ ვითარებაში აუცილებელია. ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, სიტყვას ნუ დაძრავს ჰიბრიდულ საფრთხეებეი, რბილი ძალის ზეწოლაზე და ა.შ.“, – წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები