კახა კახიშვილი ბრალდებებს პასუხობს (ვიდეო)

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებლის, გიორგი ბაჯელიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამართულ ტენდერებს ეხებოდა, დეზინფორმაციას უწოდებს. როგორც კახიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასჯელაღსრულების სამინისტროს პრიორიტეტია საზოგადეობის კითხვებზე პასუხის გაცემა. კახა კახიშვილის თქმით, ის განმარტებას, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებისთვის აკეთებს.
„საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს სამ კომპანიას გამარტივებული წესით გავუფორმეთ ხელშეკრულება. ყველასთვის კარგადაა, ცნობილი, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს პრიორიტეტია პატიმრების დასაქმება, ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ბიზნესწახალისებები კეთდება იმისთვის, რომ ბიზნესმა გახსნას და საწარმოებში დაასაქმოს პატიმრები“, – განაცხადა კახიშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი მიდგომა არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში. კახიშვილის თქმით, ევროკავშირის მისი უწყებისადმი მიცემული რეკომენდაციებიც სწორედ ბიზნესის ინტერესების დაცვას გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას სისტემაში.
„საუბარი იყო იმაზე, რომ თურმე სასჯელაღსრულების სამინისტროში კვებას უზრუნველყოფს კომპანია „ნილი”, რომელსაც „ქართულ ოცნებაში“ 120 ათასი ლარი აქვს გადარიცხული. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ეს არის საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის მიწოდება. კომპანია „ნილს“ ერთი დღეც არ ჰქონია სასჯელაღსრულების სამინისტროში კვების ტენდერთან ოპერირების შეხება. კომპანია „ნილი“ 30 დეკემბერს ტენდერში მონაწილეობდა, მაგრამ მან ტენდერი წააგო და ამის შემდეგ, აღნიშნულ კომპანიასთან არანაირი ურთიერთობა სასჯელაღსრულების სამინისტროს არ ჰქონია და არ აქვს დღემდე. დღეს და რაც მე ვარ მინისტრი, სულ სხვადასხვა კომპანიები აწარმოებენ კვების ორგანიზებას“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი ეხებოდა ორგანიზაციას „ქალი და ბიზნესი“, თითქოს აღნიშნული ორგანიზაცია დაახლოებულია სამინისტროსთან და უწყება მისგან ბალიშებსა და ლეიბებს გამარტივებული წესით ყიდულობს.„ქალი და ბიზნესი“ თავის დროზე, ევროკავშირის გრანტით დაფინანსდა, ამ გრანტით მათ იყიდეს სპეციალური ხელსაწყოები და ქალთა დაწესებულებაში შექმნეს სამკერვალო ფაბრიკა, სადაც ქალბატონებს ასწავლეს კერვა და დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, ისინი ევროკავშირის გრანტით ფინანსდებოდნენ.
მას შემდეგ, როდესაც გრანტის ვადა გავიდა, ეს საწარმო ადგილზე დარჩა, ბუნებრივია, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მონაწილეობა მიეღოთ კონკრეტულად ციხის ტენდერებში. სამინისტროს გვაქვს მთავრობისგან ნებართვა, რომ პირდაპირი წესით შევისყიდოთ ციხეში დამზადებული პროდუქცია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფასი საბითუმოს არ აღემატება. თუმცა, ასევე, იყო შემთხვევები, როცა ჩვენ მათგან ვერ შევისყიდეთ პროდუქცია, ვინაიდან მათი ფასი იყო უფრო მაღალი, ვიდრე დადგენილი ფასი და იყო შემთხვევები, როდესაც დავაჯარიმეთ კიდევაც“, – განაცხადა მინისტრმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით, დეზინფორმაციის გავრცელების გამო, სასამართლოში სარჩელის შეტანა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები