ფილიმონ ქორიძისადმი მიძღვნილი ვოკალური მუსიკის საღამო – ქართველი ბანების კონცერტი გაიმართება

23 ივნისს 19:00საათზე, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, გამოჩენილი ქართველი ფოლკლორისტის, მომღერლის, ლოტბარისა და ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის ფილიმონ ქორიძისადმი მიძღვნილი ვოკალური მუსიკის საღამო – ქართველი ბანების კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობს 19 ქართველი ბანი: ოპერის თეატრის სოლისტები, კონსერვატორიის სტუდენტები და წარმატებული კურსდამთავრებულები, ასევე სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი.
როგორც „კვირას“ კონსერვატორიიდან განუცხადეს,  ქართველი ბანების კონცერტი პირველად ტარდება საქართველოში.
კონცერტს გაუძღვება კონსერვატორიის საპატიო პროფესორი ელდარ გეწაძე.
კონცერტის მსვლელობისას ჩაერთვება აღიარებული ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე.
საღამოს მიზანია ფილიმონ ქორიძის, არა მხოლოდ როგორც წმინდანის, არამედ როგორც პირველი ქართველი პროფესიონალი ბანის გაცნობა საზოგადოებისთვის.
კონცერტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი მომღერალი ილია ათანელიშვილია.
ფილიმონ ქორიძე (1835-1911წწ) ვოკალურ ხელოვნებას მილანში დაეუფლა, მღეროდა “ლა სკალაში”. იტალიურმა პრესამ ის იტალიის საუკეთესო ბანად აღიარა. კონცერტებს მართავდა იტალიის ქალაქებში კორიჯიოს ფსევდონიმით. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; პირველი ქართველი მუსიკოსი, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა და ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორი და ლოტბარი იყო.
ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს ფილიმონ ქორიძე შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები