მიხეილ დუნდუა: საქართველოდან ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა, წელს ისტორიულ მაქსიმუმზე ავედით

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა საქართველოდან ექსპორტის მკვეთრ ზრდაზე და ეკონომიკის განვითარებაზე საუბრობს. როგორც მან პორტალ „კვირას” პრესკლუბში აღნიშნა, ექსპორტმა წელს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ექსპორტის მაჩვენებლის მიხედვით პირველ ადგილს რუსეთი, მეორე ადგილს კი ჩინეთი იკავებს.
„ექსპორტმა მკვეთრი ზრდა დაიწყო – უკვე პირველ კვარტალში, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მკვეთრად არის გაზრდილი. ისტორიულ მაქსიმუმზე ავედით. წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ას მილიონზე მეტით აღემატება წელს ექსპორტის შედეგები. ეს ცალსახად დადებითია და მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკა აქტიურ ფაზაში გადადის. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია და ბუნებრივია, ხელს უწყობს ქვეყანაში სავალუტო რესურსების შემოდინებას. თავისუფალი ვაჭრობის გაიხსნას ევროპასთან, ჩინეთთან.
ჩინეთი ადგილობრივი წარმოების ექსპორტის მიხედვით, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა. უსწრებს თურქეთს და ყველა ქვეყანას, რუსეთის გარდა. ჩინეთის მხრიდან ჩვენთვის მათ ბაზარზე საბაჟო გადასახადის მოხსნა ქვეყანას 25%-იან შეღავათს აძლევს. წელს ან მომავალ წელს შესაძლებელია, ჩინეთში ქართული, ადგილობრივი ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდოს და რუსეთი ჩამოიტოვოს. ჩვენ შეგვიძლია, დავიკავოთ საინტერესო ნიშა ჩინეთის ღვინის ბაზარზე, ამ კუთხით, ახალი ბაზრების ათვისების თვალსაზრისით, ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება. ეს ჩინურ ინვესტიციებსაც უბიძგებს საქართველოში დაბანდებისთვის. შესაძლებელია, მაღალტექნოლოგიური ჩინური პროდუქციის წარმოებაც კი დაიწყოს საქარველოში“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
​ექსპერტის განცხადებით, 2017 წლიდან, რაც Heritage Foundation-მა ეკონომიკის მაჩვენებლების ახალი ინდექსები გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ეკონომიკის თავისუფლების მაჩვენებლით მე-13 ადგილზე გავიდა, ქვეყანაში საინვესტიციო მიზიდულობა გაიზარდა. მისი თქმით, საქართველო ხდება პრაქტიკულად ძლიერი და პერსპექტიული, თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანა რეგიონსა და მსოფლიოში, რომელსაც წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობა აქვს. რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, დუნდუას თქმით, ექსპორტის ზრდა დადებითად მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზეც, მის სიმყარეზე. ინვესტიციების შემოდინებაც დადებითად აისახება მასზე, თუმცა სავალუტო ფონდის შეფასება უახლოესი წლებისთვის, არცთუ სახარბიელოა.
„სავალუტო ფონდის შეფასებით 2017, 18,19,20,21 წლებისთვის მაჩვენებელი ლართან დაკავშირებით არ არის გამყარების მიმართულებით. თუ შევაფარდებთ მთლიან შიდა პროდუქტს ლარში, მთლიან შიდა პროდუქტს დოლართან, კურსი იქნება 2,61 . გამყარების პროგნოზი არ არის, მაგრამ ჯერჯერობით ამ პროგნოზის გამართლების პერსპექტივა არ იკვეთება, ჩვენ დადებით ტრენდს ვხედავთ“,- აღნიშნა დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები