ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია საქართველოში საინფორმაციო კამპანიას იწყებს

​იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია მიიღო. შეხვედრას აგრეთვე, ესწრებოდა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი – ბექა ძამაშვილი. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ჰააგის პროკურატურისა და სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი საქართველოში საინფორმაციო კამპანიის წარმოებაა, რომლის ფარგლებშიც, ისინი ქართულ საზოგადოებას ჰააგის სასამართლოსა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, განუმარტავენ პროცედურებს, გამოძიების შესაძლო ვადებსა და შედეგებს.

„იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო და გაშალა საინფორმაციო კამპანია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ გვქონდა შეხება ჰააგის დელეგაციასთან, რომლის ვიზიტიც ემსახურება იმავე მიზანს. ისინი ჩაერთვებიან ამ კამპანიაში და ქართული საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს გაუზიარებენ ინფორმაციას, რა სტადიაზეა გამოძიება და რა შესაძლებლობები აქვს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ მიღწეულ იქნეს ის მიზანი, რაც ყველას ერთად გვამოძრავებს − აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება 2008 წლის ომის პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე”, − განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია იძულებით გადაადგილებულ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.

დელეგაციის ვიზიტამდე, იუსტიციის სამინისტრომ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ფართო საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მინისტრის მოადგილე და სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებს კოდაში, წეროვანში, ხაშურსა და გორში, სტუდენტებს გორის უნივერსიტეტსა და თსუ-ში, არასამთავრობო ორგანიზაციებს. გოჩა ლორთქიფანიძემ მათ ინფორმაცია მიაწოდა ჰააგაში მიმდინარე გამოძიების პროცედურებსა და შესაძლო ვადებზე, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს კი მათი გამოძიების პროცესში ჩართვის მექანიზმები განუმარტა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებს იძიებს. ნებართვა ჰააგის პროკურორისადმი, საქმეზე გამოძიების დასაწყებად, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 27 იანვარს გასცა. გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები სრულად შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
სასამართლოს შეფასებით, 2008 წელს სახეზე იყო საერთაშორისო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის. გადაწყვეტილებაში არაერთგზისაა ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს, გამოძიებას დაუქვემდებაროს აგვისტოს ომის წინაპირობები. ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომის სტატუსიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობების საქმის გამოძიებას. გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას, ნათქვამია, რომ ის მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას.

ქართული მხარე ჰააგის სასამართლოსთან, გამოძიების ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები