თამარ ტალიაშვილი: გარე აბრებზე ქართული ენის დაცვის მიზნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი უძღვებოდნენ.
როგორც „კვირას“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად გარე აბრებზე ქართული ენის დაცვის მიზნით, ბიზნესისა და საზოგადოების ჩართულობით, საინიციატივო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, გარე აბრებზე ქართული ენის დაცვის მიზნით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის ჩართულობით, საინიციატივო-სამუშაო ჯგუფის შექმნაა საჭირო, რომელიც თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოებასაც გააერთიანებს.
,,ამ მიმართულებით, თბილისის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე, ჩვენ შესაბამისი ნაბიჯები გადავდგით და გარე აბრებზე ქართული ენის დაცვის საკითხის აქტუალიზაცია მოვახდინეთ. წინა ხელისუფლების მხრიდან ქართული ენის დაცვისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, ხშირ შემთხვევაში, გარე აბრებზე წარწერები ქართულ ენაზე არ კეთდებოდა. გამომდინარე აქედან, ამ კუთხითაც მძიმე მემკვიდრეობა გვერგო’’,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
დეპუტატმა სხდომაზე 2015 წელს მიღებული განკარგულების შესაბამისად განხორციელებულ ღონისძიებებსა და ამ კუთხით მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა და საკითხის მოგვარების მიზნით, ბიზნესსექტორთან აქტიური დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
,, ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ცნობიერების ამაღლება ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა და ამ მიმართულებით სოციალურ კამპანიას დავგეგმავთ. აღნიშნული საინიციატივო-სამუშაო ჯგუფი ასევე, შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტების დახვეწაზეც იმსჯელებს“,- აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
2015 წელს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის საკრებულომ მიიღო განკარგულება, რომელიც თბილისში გარე აბრებზე ქართული ენის დაცვის მიზნით ეფექტური ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებდა. კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი უკლებამ განკარგულების მიღების შემდეგ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე წარმოადგინა ანგარიში და აღნიშნა, რომ ბევრ მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის ობიექტის გარე ფასადებს დაემატა ქართულენოვანი წარწერები, რითაც აღსრულდა რეკლამის შესახებ კანონის მოთხოვნები.
თბილისის მერის მოადგილის ნინო ხატისკაცის ინფორმაციით, არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა 2015 წელს საკრებულოს განკარგულების გამოცემის შემდეგ შეცვალა გარე აბრებზე ნებართვის გაცემის პრაქტიკა და მოთხოვნა, აბრებზე ქართულენოვანი წარწერის დატანასთან დაკავშირებით, გამკაცრდა. წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე აქტიური დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საკრებულოს დეპუტატებმა მიიღეს.
საკუთარი ინიციატივები ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა, ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა, სახელმწიფო ენის შესახებ კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, ავთანდილ არაბულმა, ენათმეცნიერებმა, მანანა ტაბიძემ და თინათინ ბოლქვაძემ, მთარგმნელმა, ქეთევან ტომარაძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა დააფიქსირეს.
განხილვაში მონაწილეობა თბილისის მერიის არქიტექტურისა და კულტურის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა, საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ და საკითხით დაინტერესებულმა საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები