სტიქია მესტიაში

რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მესტიის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. სტიქიამ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები, ხიდები და ნაპირდამცავი გაბიონები. როგორც „კვირას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სტიქიის შედეგად, ბეჩოს ჭუბერის და ლახამულას ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და სავარგულები დაზიანდა.
ჯვარი-მესტია-უშგული-ლასდილის საავტომობილო გზაზე, კალა-უშგულის მონაკვეთზე, მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც გზა ჩახერგა.
​საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. კალას ტერიტორიულ ერთეულში, ცენტრალური გზიდან ვიჩნაშის და დავბერის სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები, მდინარის ადიდების შედეგად, სრულად დაზიანდა. ასევე, დაზიანებულია ლახამულას და ბოგრეშთან დამაკავშირებელი ხიდი. ხაიშის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ვედთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა წაღებულია. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც ხაიშის ხუთ სოფელს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. ნაკრის ტერიტორიულ ერთეულში, ნაკრის ცენტრიდან სოფლებთან (ლაწომბა, ლაშხრაში, თავრერი, თავბერი, ხერვაში) დამაკავშირებელი შიდა საავტომობილო გზის მონაკვეთი მთლიანად წაღებულია. ასევე, დაზიანებულია მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭოლაში-ჟამუშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულთან დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი. ასევე, მეწყერია ჩამოსული მაგარდელი – ლაბსყალდის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. ხოლო სოფლების ტვიბერი – ლეზგარას დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დაზიანებულია და ამ მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია.
​მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც გამგებელი ხელმძღვანელობს. დილიდანვე მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია. ამ დროისთვის, პრობლემურ ადგილებზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები იმყოფებიან და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები