რომელი სკოლის დირექტორები გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან საპირფარეშოების არაჰიგიენური პირობების გამო

განათლების სამინისტრომ „კვირას“ იმ საჯარო სკოლების დირექტორების ვინაობა გაუმხილა, რომლებმაც თანამდებობა სასწავლო დაწესებულებებში საპირფარეშოს არაჰიგიენური პირობების გამო დატოვეს. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, 3-მა დირექტორმა თანამდებობა 2017 წლის თებერვალში დატოვა. სწორედ მაშინ გამოქვეყნდა სამინისტროს მიერ შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა.
კერძოდ, როგორც „კვირას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სამინისტროს მონიტორინგის სამსახურისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგად, სკოლებში სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა სველ წერტილებთან, კერძოდ, საპირფარეშოსთან დაკავშირებული ჰიგიენის პრობლემები. შედეგად, გათავისუფლდნენ: თბილისის 151-ე, 23-ე და სამტრედიის მეოთხე სკოლის დირექტორები. საპირფარეშოების ჰიგიენასთან დაკავშირებით, გაფრთხილება მიეცა მარნეულის 3, მარნეულის სოფელ ჯანდარის და ყაზბეგის სოფელ არშის სკოლებს. მითითება მიეცა მარნეულის სოფელ წერეთლის სკოლას.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ თბილისის 23-ე საჯარო სკოლის უკვე ყოფილ დირექტორს, ნინო ნაბახტეველს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარიs გაკეთება არ ისურვა.
„არ ვაპირებ თქვენთან ამ საკითხზე საუბარს. როდესაც სკოლის დირექტორი ვიყავი, მე ჩემ მიერ დაკისრებულ ვალდებულებას ყოველთვის ვასრულებდი, ახლა არ ვარ ვალდებული, თქვენთან ამ თემაზე ვისაუბრო“, – აღნიშნა 23-ე საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა, ნინო ნაბახტეველმა.
„კვირა“ 151-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა. ამჟამად სკოლის დირექტორის მოვალეობას ლიანა ჩხაიძე ასრულებს. მან ზაზა ადამაშვილი სამი თვის წინ შეცვალა. როგორც „კვირას“ ლიანა ჩხაიძემ განუცხადა, სკოლა 1971 წელს აშენდა და ამჟამად იქ 1200 მოსწავლე სწავლობს. განათლების სამინისტროს აუდიტის დასკვნის თანახმად, 151-ე საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 სართულზე განთავსებულ საპირფარეშოებზე კარები არ იყო. კარი მხოლოდ 1-ელ და მე-2 სართულზე არსებულ საპირფარეშეობს ჰქონდა.
„აუდიტის დასკვნა თებერვალში გამოქვეყნდა და სწორედ მაშინ დატოვა ჩვენი სკოლის დირექტორმა, ზაზა ადამაშვილმა თანამდებობა, მე მაშინ სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ვიყავი და დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ. თუმცა დასკვნის მიხედვით, სკოლის საპირფარეშოს არაჰიგიენური პირობა ერთ-ერთი ფაქტორი იყო, სხვა დარღვევებთან ერთად. სკოლა დიდი ხანია აშენდა, 1-ელ და მე-2 სართულზე რემონტი ჩატარდა, თუმცა მე-3 და მე-4 სართულზე საპირფარეშოებს ინდივიდუალური კარი არ ჰქონდა. რატომღაც ვერ ვერ მოესწრო“ , – განუცხადა „კვირას“ ლიანა ჩხაიძემ.
ცნობისათვის, ზაზა ადამაშვილი, რომელიც 151-ე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობას 5-6 წლის მანძილზე იკავებდა და მოსწავლეებისთვის სასწავლო დაწესებულებაში საპირფარეშოების კეთილმოწყობა ვერ უზრუნველყო, სამსახურიდან 2017 წლის თებერვალში გათავისუფლდა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები